მმართველი პარტიის მოკავშირე ამ საკითხზე საზოგადოებრივ დისკუსიებსა და შეხვედრებს იწყებს
თამთა ჩაჩანიძე
11.10.2025

პროსახელისუფლებო „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" „ოცნებას" ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს ევროკავშირის მიერ ახლახანს მიღებულ 2026-2030 წლების ლგბტქ ახალ სტრატეგიაზე, რომელიც, მათი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში „მკაფიო წითელი ხაზია".

ევროკომისიამ 2026-2030 წლების „ლგბტქ თანასწორობის სტრატეგია" პარასკევს დაამტკიცა. ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სტრატეგიის მიზანია ლგბტქ ადამიანების დაცვა მავნე პრაქტიკისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისგან, თანასწორობის ხელშემწყობი ლგბტქ თემებისა და ორგანოების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე წევრი სახელმწიფოებისა და სხვა აქტორების ჩართულობა.

„თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა ევროკავშირის ძირითადი ღირებულებები და ფუნდამენტური უფლებებია, რომლებიც გათვალისწინებულია მის ხელშეკრულებებსა და ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიაში. ევროკომისიას, პარლამენტს და საბჭოს, წევრ სახელმწიფოებთან ერთად, ყველას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ფუნდამენტური უფლებები და უზრუნველყოს ყველასთვის თანაბარი მოპყრობა და თანასწორობა", - აღნიშნულია სტრატეგიაში.

განცხადება

„ერთიან ნეიტრალურ საქართველოს" შეფასებით, „ეს დოკუმენტი პირდაპირ „დიფ სთეითის" მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმაა, რომელიც ევროკავშირის მოსახლეობას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობას კარგს არაფერს უქადის".

მათი თქმით, სტრატეგია, რომელიც მომდევნო 5 წელზეა გათვლილი, „ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს ამარტივებს", რაც არის „მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში".

„ამ კოშმარული სტრატეგიის შემდეგ, რომელიც არა მხოლოდ წევრი ქვეყნებისთვისაა სავალდებულო, არამედ მისი უდიდესი ნაწილი გაწევრებაზე მოლაპარაკებებში მყოფ ქვეყნებსაც ეხება, „ერთიანი ნეიტრალური საქართველო" კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აყენებს საკითხს საქართველოს ხელისუფლების წინაშე - სასწრაფოდ გადახედოს ეგრეთ წოდებული „ევროინტეგრაციის" პროცესს. უმოკლეს ვადებში დაიწყოს დისკუსია და გადახედოს 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიას, პარალელურად კი, ვიწყებთ კონსულტაციებს საზოგადოებრივ მოძრაობებთან, პოლიტიკურ ჯგუფებთან, სამეცნიერო წრეებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, რათა უმოკლეს ვადაში ჩატარდეს საქართველოში რეფერენდუმი.

"რეფერენდუმის საშუალებით უნდა გამოვარკვიოთ - არის თუ არა თანახმა ქართველი ხალხი, ქვეყანა შეუერთდეს ასეთ ევროკავშირის, ხოლო ხელისუფლებამ რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს, რა გზით ატაროს მომავალში ჩვენი სამშობლო", - ნათქვამია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში".

დანიშნავს თუ არა „ოცნება" რეფერენდუმს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს განცხადება პროპაგანდის ნაწილი და არაა გათვლილი იმაზე, რომ რეფერენდუმი მართლაც ჩატარდეს.

„რეფერენდუმს ითხოვენ, მაგრამ გათვლილია იმაზე, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდება. ხელისუფლება ამაზე არ წავა, რადგან, როგორც არ უნდა ილაპარაკონ, ცალსახაა, რომ რეფერენდუმში ევროპასთან ურთიერთობაზე დადებითი პასუხი იქნება. ასეთ შემთხვევაში კი ხელისუფლება ისპობს ამ პროპაგანდისტულ საშუალებას - ლგბტ, ასეთი და ისეთი.

„ოცნებას" ახლა, ერთის მხრივ, საკმაოდ უჭირს, რადგან ყველას, შინ და გარეთ, რეპრესიებზე აქვთ ყურადღება მიპყრობილი. სხვა რამეზე სჭირდება ყურადღების გადატანა და ახლა კონცენტრირება ხდება ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებასა თუ შესწორებაზე, რომ მთელი მედია, პროპაგანდა, შინ და გარეთ ამაზე გადაერთოს და არა იმაზე, რომ აკადემიკოს ექიმს აპატიმრებენ. სახაროვის მერე არც გამიგია აკადემიკოსი ვინმეს დაეპატიმრებინოს. ამ მიმართულების გადასაფარადაა ეს განცხადება, თორემ ჩაატარონ რეფერენდუმი, არაა პრობლემა, მეც დიდი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ეს თავად „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" იდეა იყოს და „ოცნებამ" არ გაითვალისწინოს.

„ორგანიზაცია პროსახელისუფლებოა, თუმცა, ვფიქრობ, ეს მათი პოზიციაა და არ მგონია, რომ ეს იქნება გაზიარებული. არ ველოდები, რომ „ოცნება" რეფერენდუმს ჩანიშნავს, რადგან ამჟამად ისეთ მდგომარეობაში არაა, რომ ამით უფრო გაირთულოს დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობა. ეს არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ აშშ-სთან ურთიერთობის გართულებას გამოიწვევს და იმას, რომ პროდასავლურ ვექტორზე უარს ვამბობთ.

„მოლდოვის მოსახლეობამ რეფერენდუმში თავისი პროევროპული განწყობა დააფიქსირა. როგორ ჩატარდა - ეს სხვა საკითხია, მაგრამ ხელისუფლებამ ხალხის მანდატი მიიღო ევროინტეგრაციის პოლიტიკის გაგრძელებაზე. რეფერენდუმი ის დემოკრატიული საშუალებაა, რომელსაც ხელისუფლება ხალხისგან მანდატს იღებს სტრატეგიული გადაწყვეტილებისთვის.

„ეს განცხადება გაკეთდა ქვეყანაში არსებულ სიტუაციისა და ევროკავშირთან ურთიერთობის ფონზე და დაახლოებით დედააზრი ესაა, რომ თუკი ლგბტქ პროპაგანდისა და ტრანსგენდერების მიმართ კანონმდებლობის გაუქმებას მთხოვ და გინდა დავუშვა ის, რაც ევროკავშირის ხუთწლიან სტრატეგიაშია აღწერილი, მაშინ მე ეს პოზიცია მაქვს", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, რამდენად რეალურად გვთხოვენ და რამდენად მართლა სავალდებულოა წევრისთვის ის სტრატეგია, რაზედაც განცხადებაშია საუბარი, თუნდაც უნგრეთის მაგალითზე, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„რა ვიცით, რომ უნგრეთს არ სთხოვენ? შეიძლება სთხოვენ, მაგრამ არ ასრულებს, ან სანახევროდ ასრულებს. უნგრეთი ევროკავშირისგან სოლიდურ დაფინანსებას იღებს და არცთუ რიგითი წევრია, ასეც მარტივად არაა საქმე. ორბანი საკუთარ თამაშს თამაშობს. ჩვენ სხვა მდგომარეობაში ვართ, როგორც კანდიდატი ქვეყანა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინაზე საუბრისას პირდაპირ განაცხადა, რომ ლგბტქ-ის საკითხი იქნება წამყვანი, რომელსაც თვალყურს მივადევნებთ, როცა უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყებაო.

„ამის გაუბრალოებას ვინც არ უნდა შეეცადოს, ეს ერთ-ერთი წამყვანი თემაა, რომელსაც ყურადღება მიქეცევა ჩვენი ინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შესაძლო შედეგები

ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ თუ რეფერენდუმი ჩატარდა, ხალხი ევროკავშირში ინტეგრაციას დაუჭერს მხარს.

„დღეს იმას ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებას არ უნდა დასავლეთთან ურთიერთობა. მაშინ (რეფერენდუმზე ინტეგრაციაზე უარის შემთხვევაში) კი იტყვიან, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია, ის ხალხის აზრს გამოხატავდა, რომ ხალხს არ უნდა ეს ურთიერთობა. ეს იქნება ძალიან ძლიერი პროპაგანდა, ხელისუფლება კი პროპაგანდისტულად მოგებული გამოვა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. გამორიცხულია, ვერ მიიღებენ იმ შედეგს, რაც მათ უნდათ და არც ჩატარდება", - განაცხადა ძაბირაძემ.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, თუ შედეგებში გადაწონა იმან, რომ ხალხი არაა თანახმა ევროკავშირს შეუერთდეს, მაშინ „ხელისუფლებას შეუძლია უბრალოდ შეკვეცოს კავშირები ევროკავშირთან, გადააწყოს მასთან ურთიერთობა, აღარ ილაპარაკოს „ღირსებით ევროპისკენ" და იმაზე, რომ 2030 წლისთვის ინტეგრაციისთვის მზად ვიქნებით. თუ რეფერენდუმზე შესაბამისი შედეგი დადგა, თემა თავისთავად დაიხურება".

დამატებით კითხვაზე, ასეთ შემთხვევაში კონსტიტუციურად რისი შეცვლა შეუძლია „ოცნებას" 78-ე მუხლთან დაკავშირებით, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ამას ალბათ ახალი საპარლამენტო არჩევნები დასჭირდება. თუ ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და თუ რეფერენდუმის შედეგებში ხალხმა ევროინტეგრაციაზე უარი თქვა, თუნდაც ეს იყოს 1.5%-ს უპირატესობით, კონსტიტუციასაც ალბათ რამეს მოუხერხებენ. 78-ე მუხლის გაუქმების საკითხი დადგება, ამას თავისი იურიუდიული და კონსტიტუციური მექანიზმები აქვს.

„თუ ხალხმა რეფერენდუმზე ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა, ძველი პოლიტიკა გაგრძელდება და ოპოზიციას მეტი ბერკეტი მიეცემა ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებისთვის, რომ განუხრელად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, რასაც ჯერჯერობით არ და ვერ ასრულებს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×