
„კულტურის მუშაკებს ყოველთვის სჭირდებათ ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც არასდროს ყრიან ფარ-ხმალს და ერთგულად ემსახურებიან ქვეყანას.
მადლობა დღევანდელი ჩვენი შეხვედრის თითოეულ გმირს. კულტურა სიყვარულის მსახურებაა და ვფიქრობ, რომ დღეს ამ სიყვარულისთვის მადლიერების გამოხატვა მცირედით მაინც შევძელით", - აღნიშნა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით - ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
ლაურეატებს სახელმწიფო ჯილდოები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის, ასევე, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცათ.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.