
სენატმა „მეგობარი აქტს" მწვანე შუქი არ აუნთო - აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში, რომელიც სენატმა დაამტკიცა, „მეგობარი აქტის" შესახებ ჩანაწერი აღარ იძებნება. ნიშნავს თუ არა ეს ამ აქტის მიღების საბოლოოდ ჩავარდნას, რთული სათქმელია, თუმცა მმართველი გუნდი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა აშშ-ს ხელისუფლებას ურთიერთობის გადატვირთვას სთხოვს, ამ ცნობამ ოპტიმისტურად განაწყო.
აშშ-ის კონგრესის სენატმა 77 ხმით 20-ის წინააღმდეგ 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო. თუმცა „მეგობარი აქტი" საკანონმდებლო პაკეტში არსად იძებნება.
საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის" პროექტი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მოამზადა, თუმცა სენატში მხარდაჭერა ვერ მიიღო. დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა, რომ „მეგობარი აქტი" მიღებული არ იქნება.
„სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს", რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის" ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო", - აღნიშნა სტივ კოენმა.
მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ჯო უილსონთან შეხვედრის შემდეგ თინა ბოკუჩავა აცხადებდა, რომ „აქტიურად მიმდინარეობს განხილვები, მათ შორის სენატში, რათა „მეგობარი აქტი" მიებას თავდაცვის აქტს".
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის შესაძლო გადატვირთვაზე ერთგვარი მინიშნება ორიოდე დღის წინ ამერიკელი სენატორების, ჯინ შაჰინისა და ჯიმ რიშის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც იყო, ისინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სთხოვენ, გაითვალსიწინოს საქართველოს მთავრობის ბოლო ნაბიჯები, „სანამ ურთიერთობის გადატვირთვის გადაწყვეტილებას მიიღებენ".
ჩავარდა თუ არა „მეგობარი აქტი"
ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის აზრით, „მეგობარი აქტი" საბოლოოდ არ ჩავარდნილა, თუმცა „შეფერხებები არის".
„აქტი ჩანაწერში რომ არ იძებნება, ეს საბოლოო ჩავარდნას არ ნიშნავს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან იქ დაჩქარებული წესით მისი მიღება არავის შეუძლია. შეფერხება აშკარაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქტი საბოლოოდ ჩავარდა", - ამბობს დავით ზურაბიშვილმა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ „მეგობარი აქტის" მიღება საბოლოოდ ჩავარდა. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ორივე პალატამ აქტის მიღება, თუნდაც შეცვლილი სახით, კვლავ განიხილოს.
„ფაქტია, რომ ე.წ. „მეგობარი აქტის" მიღების ორი მცდელობა ჩავარდა სხვადასხვა საკანონმდებლო მექანიზმების გამოყენებით და რაც ერთი თვის წინ თავად ერთ-ერთმა სენატორმა აღიარა, რესპუბლიკელები ამას ბლოკავდნენ. თუმცა, როგორც ამერიკის საკანონმდებლო პრაქტიკა გვაჩვენებს, შესაძლებელია, რომ ორივე პალატამ ხელახლა განიხილოს მორიგ ჯერზე, „მეგობარი აქტი" დაერქმევა თუ სახელწოდება შეიცვლება. თუმცა, თავად ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მას დამტკიცების შანსი არ აქვს, რადგან რესპუბლიკელები ეწინააღდეგებიან", - განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ ე.წ. „შათდაუნის" გამო საქართველოს კონტექსტი მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება.
„გავითვალისწინოთ ის შიდა კონტექსტი, რაც ახლა არსებობს ამერიკელ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის - არის უმწვავესი დაპირისპირება ე.წ. „შათდაუნის" გამო. იმდენად გამწვავდა ამერიკელ კანონმდებლებს შორის ურთიერთობა პარტიულ დონეზე, რომ აქ საქართველოს კონტექსტი ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის. რესპუბლიკელები უფრო მეტად მობილიზდებიან, რათა დაბლოკონ ნებისმიერი ინიციატივა, რაც დემოკრატებისგან წამოვიდა. გასაგებია, რომ „მეგობარი აქტის" ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი რესპუბლიკელი ვილსონია, თუმცა მას არანაირი პოლიტიკური ამინდის შექმნა არ შეუძლია თავად კონგრესში", - განაცხადა აბაშიძემ.
რა გზავნილია ვაშინგტონიდან
დავით ზურაბიშვილის აზრით, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ წარიმართება „მეგობარი აქტთან" დაკავშირებული პროცესები, არცერთ შემთხვევაში ურთიერთობის გადატვირთვა მოსალოდნელი არ არის.
„თუ გავითვალისწინებთ როგორ იქცევა „ქართული ოცნება" - დიპლომატიის ელემენტარულ ანბანურ ჭეშმარიტებასაც რომ უგულებელყოფს და უშვერი სიტყვებით აგინებს, ელემენტარულად მთელი პროპაგანდისტული მექანიზმები აქვთ ჩართული - არანაირი ურთიერთობის გადატვირთვა და შეგუება იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ახლა „ოცნება" აწარმოებს, არ არის მოსალოდნელი. ცხადია, არც აშშ-სგან და არც არავისგან არ შეიძლება მოელოდო პოზიტიურ ურთიერთობას, თუ ისე იქცევი, როგორც ისინი ექცევიან ევროპასა და ამერიკას.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ წარიმართება ეს აქტი. საქართველოს ხელისუფლებას ამერიკა და ევროპა ოფიციალურად მტრებად ჰყავს გამოცხადებული და როგორ შეიძლება აქ ნორმალიზებაზე საუბარი, სანამ ასეთი სიტუაციაა?!" - განაცხადა ზურაბიშვილმა.
გია აბაშიძე კი გვპასუხობს, რომ პროცესი რთულია, თუმცა აშშ-სგან პოზიტიური მინიშნებები უკვე კეთდება.
„საქართველოს ხელისუფლება იმედით უყურებს ვაშინგტონსა და თბილისს შორის გადატვირთვის პერსპექტივას. ეს აქტი კი, რომელიც მოიცავს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის სანქციებს და გარკვეული დაფინანსების შეჩერებას, არ არის პრაგმატული ამერიკული პოლიტიკისთვის. თუ სურთ ურთიერთობის ხელახლა დაწყება, ეს აქტი საბოლოდ უნდა ჩავარდეს.
„გარკვეული მინიშნებები ამერიკისგან უკვე იყო. მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრი რამდენიმე თვის წინ შეხვდა ამერიკის დაზვერვის უფროსს. შემდეგ იყო რამდენიმე ვიზიტი ვაშინგტონიდან და საუბარი ეხებოდა ეკონომიკური განვითარების თემას. თუ ურთიერთობის გაუმჯობესებაზეა საუბარი და აქ შედის ეკონომიკის კომპონენტი, უნდა ვივარაუდოთ, რომ დინამიკა დადებითი იქნება. თუმცა პროცესი რთულია", - განაცხადა აბაშიძემ.