
77 ხმით, 20-ის წინააღმდეგ - სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი ე.წ. მეგობარი აქტის გარეშე მიიღო. ქართულ ოპოზიციას უარი ამჯერად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან უთხრეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გადაწყვეტილება თბილისში შეაფასეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ე.წ. მეგობარი აქტი, რეალურად მტრული აქტია. მისი შინაარსი კი სიცრუეს ეფუძნება.
ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღების მიზნით, ვაშინგტონშიც რამდენჯერმე ჩავიდა. ამერიკულმა ვოიაჟმა არ გაამართლა, თუმცა ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები მაინც ირწმუნებოდნენ, რომ "მეგობარი აქტის" მიღება, შემოდგომაზე გარდაუვალი იყო. მათ განცხადებებს, სოციალური ქსელები და სატელევიზიო არქივიც ინახავს.
კოვზი ნაცარში ვისაც ჩაუვარდა, დღეს ამ საკითხზე საუბარი არ სურს. მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ამერიკული ვოიაჟის დეტალებზე დღეს კომენტარი აღარ გააკეთეს, თუმცა თქვეს, რომ შტატები "მეგობარ აქტს" მაინც მიიღებს. იმედს არც "ლელოში" კარგავენ, სადაც ჯო უილსონის ინიციატივის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს არასწორად ითვლიან.
მმართველი გუნდი სენატის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს და არა მტრული აქტიდან. სენატის გადაწყვეტილება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისთვის იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში საღი აზრის გამოღვიძება ხდება.
"მეგობარი აქტი" საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია. მას შემდეგ რაც სენატში აქტის მიღება ჩავარდა, კონგრესმენი ჯო უილსონი ამტკიცებდა, რომ ინიციატივას ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეიტანდა, თუმცა სენატის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ლობისტებისა და ქართული ოპოზიციის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.