ნატალია ჯვარიძე
10.10.2025

4 ოქტომბერს, გამართული აქციისა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის შესახებ პასუხისმგებლობას ყველა ერთმანეთს აკისრებს. მმართველ პარტიაში ხელს ოპოზიციასა და „ენჯეოებს" ადებენ. ხელისუფლების ოპონენტებში კი აზრთა სხვადასხვაობაა - ნაწილი ყველაფერს ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიის წევრებს აბრალებს. ზოგიც კი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე „ლელოსა" და „გახარია-საქართველოსთვის" აკრიტიკებს.

პარტია „ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ პატიმრებზე პასუხისმგებლობა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს ეკისრება.

„44 პატიმარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ეს სიშლეგე მოიგონა. ასევე, მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც ამ სიშლეგეს 24/7 ეთერი უყიდა და ორი თვის განმავლობაში სასოწარკვეთილ მოქალაქეებს ტვინი ურეცხა დროშაში გაბუდნული, დებილი მჩხიბავებით, თან ისე, რომ ამ სიშლეგის კრიტიკოსებს უბლოკავდა!

რეჟიმიო - მხეცს რომ დაღებულ ხახაში ცხვრებს ჩაუყრი, შეჭამს! და ეს მხეცის ბრალი არ იქნება - მხეცია და იმიტომ.

ახლაც, მონა ტელემედიების დახმარებით, დგანან და ქართველ ხალხს ატყუებენ, თითქოს სააკაშვილის სიშლეგესა და ხაზარაძის კოლაბორანტობას შორის იყო არჩევანი და მესამე გზა - მტკიცე, მშვიდობიანი და განგრძობითი საპროტესტო მარათონის არ არსებობდა.

ისევ გატყუებენ ხაზარაძემედიები მეგობრებო",- წერს ჩერგოლეიშვილი.

„ქართული ოცნება" მომხდარ და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ჯგუფებსა და „ენჯეოებს" აკისრებს.

„ერთმანეთზეც ძალიან კარგად საუბრობენ სხვათა შორის, რა პასუხისმგებლობა აქვთ. კერძოდ ის, რომ ახლა ზოგიერთმა ამ აქტივისტმა, რომელიც 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე მივიდა ხელისუფლების დასამხობად, ზუსტად იცოდა, რისთვის მიდიოდა. მანამდე ჰქონდათ რამდენიმეკვირიანი კამპანია ნეპალთან შედარებით, ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება, სადაც უნდა შევარდნილიყვნენ და დაეღვარათ სისხლი. ახლა ნურავინ თავს ნუ იკატუნებს, რომ 4 ოქტომბერს იქ მივიდა იმისთვის, რომ უბრალოდ მისულიყო, გაესეირნა, ზოდელავასთვის მოესმინა და მერე სახლში დაბრუნებულიყო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, „ძლიერი საქართველო-ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა ბოიკოტის მომხრეებს ეკისრებათ.

„ბოიკოტის გზას ვაკისრებ პასუხისმგებლობას აბსურდზე, რომელიც შედეგად მივიღეთ. ბიძინა ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა, დაედო ის გროტესკული სურათი, რაც დაიდო. ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. ჩვენ როდესაც გვეკითხებიან, რატომ ვერ შეძელით მეტი ადამიანის მობილიზება, რომ მოსულიყო საარჩევნო ყუთთან, ჩვენ ძალიან გვიან დავიწყეთ ამაზე მუშაობა. მანამდე მაცივარი რომ გამოგეღო, იქაც ვიღაც გეუბნებოდა, რომ არჩევნებზე არ მიხვიდეთ. ბოიკოტის ძალიან ძლიერი პროპაგანდა იყო.

საზოგადოებამ წარმოიდგინოს, რა შეიძლება მომხდარიყო, თუ ოპოზიცია იმარჯვებდა თბილისში და ამავე დროს გამარჯვების დიდი აქცია იკრიბებოდა თბილისის ქუჩებში. გამარჯვებული ოპოზიციონერი თბილისის მერი, გაერთიანებული ოპოზიციით მის უკან, მიდის აქციაზე ამ გამარჯვების ხალხისთვის მისართმევად - ეს წარმოიდგინეთ და მერე გაიხსენეთ ის სურათი, რაც ვიხილეთ არჩევნების საღამოს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ანალიტიკოსის, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგები სულ უფრო მეტად გამოჩნდება.

„გასაგებია, რომ „ოცნება" პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, რაც რთული მისახვედრი არ იყო, რადგან თავიდანვე ამბობდნენ, თუ მსგავს ფაქტებს ადგილი ექნებოდა, აუცილებლად იმოქმედებდნენ. ეს ხელისუფლებას უნდოდა, რადგან ექნებოდათ საშუალება ლეგიტიმურად დაეწყოთ რეპრესიები. ცხადია, ახლა ამას „ოცნება" ახორცილებს.

„ოპოზიციაში გამოკვეთილი ჯგუფი იყო, რომელიც პროცესებს ორგანიზებას უწევდა - აქციას და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, ან ხალხს არჩევნების არმონაწილეობისკენ მოუწოდებდა. აი, ეს ხალხია, ვინც „ქართული ოცნებისთვის" სასარგებლო ვითარება შექმნა. ამას ხელისუფლება ახლა საკმაოდ წარმატებით იყენებს. უნდოდათ არჩევნებში სრული გამარჯვება და მოახერხეს კიდეც. მეორე რაც უნდოდათ, ეს იყო ლეგიტიმური საბაბის შექმნა რეპრესიების დასაწყებად. ვინ არის აქ დამნაშავე? ზოგადად, ეს ქართული საზოგადოების ბრალია, მათ შორის არასამთავრობო სექტორი. ეს იყო პოლიტიკურად უმწიფარი გადაწყვეტილება, რადგან იმ მიზნისთვის შესაბამისი რესურსი არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, არ არსებობდა. ამის შედეგი არის ის, რომ არასამთავრობო სექტორი და გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები „ოცნებისთვის" ერთნაირად მიუღებელი იქნება და ალბათ, სულ მალე პერსონებიც, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×