რეზონანსი
10.10.2025

რუსეთი და აზერბაიჯანი ტრაგიკული მოვლენის - AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის - გამო „ემოციების კრიზისის" წინაშე აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ვიტყოდი, რომ ეს, სავარაუდოდ, ემოციების კრიზისი იყო და მიზეზი ნათელია: იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან რთულ მოვლენას შევეჯახეთ - ტრაგიკული მოვლენის - თვითმფრინავისა და მისი მგზავრების დაკარგვას. ამიტომ, საჭირო იყო ყველაფრის მშვიდად დალაგება," - განაცხადა პუტინმა ტაჯიკეთში სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთმა და აზერბაიჯანმა AZAL-ის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ ურთიერთობის „ახალი ფურცელი გადაშალეს".

„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ახალი ფურცელი გადავშალეთ და წინ წავალთ. ჩვენ კონტაქტებს ყოველგვარი გართულების გარეშე განვავითარებთ", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გუშინ ტაჯიკეთში გამართულ შეხვედრაზე Azal-ის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საკითხი განიხილეს. პუტინმა ალიევს განუცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემების მიერ გაშვებული ორი რაკეტა თვითმფრინავს პირდაპირ არ მოხვედრია, რაკეტები რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქდა და სავარაუდოდ, თვითმფრინავი ნამსხვრევებით დაზიანდა და არა რაკეტებით.

2024 წლის 25 დეკემბერს "აზერბაიჯანის ავიახაზების" ბაქოდან გროზნოში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავი ყაზახეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც 38 ადამიანი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×