
მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის მცდელობა ფიასკოთი დასრულდა, იმ ოპოზიციონერთა ნაწილი, რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებდა, ახლა აქციის ორგანიზატორების შეცდომებზე საუბრობს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ „ნიანგის ცრემლები" ვერ გადაარჩენს დამნაშავეებს პასუხისმგებლობისგან და ყველა, ვინც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობას ახორციელებდა, კანონის შესაბამისად დაისჯება.
გახარიას პარტია 4 ოქტომბრის აქციას ადრევე გაემიჯნა, მისი გუნდი კი ამ დღეს მიზანმიმართულ დამხობის პროვოკაციად აფასებს და პასუხისმგებლობას „ნაცმოძრაობას" და მასთან დაკავშირებულ პოლიტიკოსებს აკისრებს.
„4 ოქტომბერს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული დამხობის პროვოკაცია, რომელსაც დღეს ჰყავს 35 მსხვერპლი. ეს ყველა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის ბრალია, ამ შემთხვევაში ასევე ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც საკუთარ თავს უწოდებს ლეგიტიმურ პრეზიდენტს და ადამიანებს არჩევნების დღეს მოუწოდებდა არ მისულიყვნენ არჩევნებზე, აქციაზე მისულიყვნენ და თავისი იქ დგომით შეუქმნა განცდა ადამიანებს, რომ 4 ოქტომბრის დამხობის პროვოკაცია მშვიდობიანი იქნებოდა, - განაცხადა „გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები იმ პროვოკაციაზე, რასაც ამზადებდა „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ ამ დღეს არ ვეძახით შეცდომას, ეს იყო დანაშაული," - დასძინა მან.
„ლელოში" კი 4 ოქტომბერს პოლიტიკურ ავანტიურასა და კატასტროფულ შეცდომას უწოდებენ. შეგახსენებთ, რომ „ლელო" 4 ოქტომბრის აქციას არ გამიჯვნია. მისი პოზიცია მაშინ ასეთი იყო: „დილას არჩევნებზე, საღამოს - აქციაზე."
„4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები, კი, ეს იყო პოლიტიკური ავანტიურა. უფრო შორსაც წავიდოდი და ვიტყოდი, რომ ეს იყო კატასტროფული შეცდომა. ვფიქრობ, რომ, ზოგადად, 4 ოქტომბერი იყო ძალიან დიდი შეცდომის გამოხატულება, რაც დაუშვა ოპოზიციის ნაწილმა, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როდესაც არ გამოიყენა ბრძოლის ის ინსტრუმენტი, რომელიც ვიცით, რომ გაამართლებდა."-განაცხადა „ლელოს" საგარე მდივანმა გრიგოლ გეგელიამ.
„იყო არასწორი გათვლები"
მოძრაობა „თავისუფლების მოედნის" ეროვნული საბჭოს წევრი, რევაზ აფხაზავა აქცენტს „არასწორ გათვლებზე" აკეთებს.
„ეს იყო შეცდომა და იმედია, თვითონაც აღიარებენ. თანავუგრძნობ ამ ადამიანებს და ვთვლი, რომ ისინიც არიან პოლიტპატიმრები. გასაგებია, რომ სწორი გათვლები არ იყო გაკეთებული. პოლიტიკურმა პარტიებმა, არც კი ვიცით, რა გათვლები ჰქონდათ და რა არ გამოუვიდათ. არ ვიცი, ვის რა უღალატა.პაატა ბურჭულაძემ გარკვეული შეცდომა დაუშვა, ან ეგონა სხვანაირად მოხდებოდა. იქნება. ...მთავარია, რომ არ იყო ფატალური შეცდომა. საბედნიეროდ მშვიდობიანად დასრულდა ყველაფერი",- განაცხადა აფხაზავამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კი დაკავებულებს გმირებად რაცხავენ.
„ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა 4 ოქტომბრის შემდეგ თითის გაშვერა რომ დაიწყეს, ამ ადამიანებისკენ. მეგობრებო ჯერ თქვენ გაბედეთ იმის მესამედი, რომელიც ამ ადამიანებმა გაბედეს და შემდეგ გექნებათ უფლება ვინმეს მიმართ ხელი გაიშვიროთ," - განაცხადა ანი წითლიძემ.
„ნიანგის ცრემლების არავის სჯერა"
4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე „ოცნების" კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა თქვა, რომ „ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა 30 სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს ხალხი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება".
„ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად, დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ, პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა, სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს", - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.
„ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ „ნიანგის ცრემლების" არავის სჯერა.
„ამ ნიანგის ცრემლების აბსოლუტურად არავის სჯერა. მსხვერპლი არავინ არის. მსხვერპლი აქ ჩვენი ქვეყანაა. იმ უბედურების ფონზე, რასაც ეს უსამშობლო მოღალატეები საქართველოს უქადდნენ, შეიძლება მსხვერპლი ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო. ვნახეთ როგორ შემოიტანეს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომლის გამოყენების მიზანი მაღალი ალბათობით შეიძლება 4 ოქტომბერი ყოფილიყო. ვნახეთ, როგორ აღმოაჩინეს სამალავი სპეცსამსახურებმა, რომელშიც იმდენი იარაღი იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში უდიდეს ტრაგედიას გამოიწვევდა. ამიტომ, მსხვერპლზე საუბარს ნუ გავაგრძელებთ."
4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „რუსთაველის გამზირის" ლიდერებს - პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავას, ენმ-ს წევრ ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. მათ 9 წლამდე თავიუფლების აღკვეთა ემუქრებათ.