
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა და გარე ჩარევებზე ისაუბრა. როგორც ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლებამ მოახერხა სახელმწიფოს ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა აღეკვეთა. პაპუაშვილი მომხდარ და მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ჯგუფებსა და „ენჯეოებს" აკისრებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ათი დღის განმავლობაში ბრიუსელს მოუწოდებდა, რომ განემარტათ, გამიჯვნოდნენ დამხობის შეკრებას, თუმცა რეაგირება იყო ნული.
„დადგა 4 ოქტომბერი, დაიწყო დამხობა, რომელიც ჩავარდა და ახლა არ უნდათ პასუხისმგებლობის გაზიარება. მანამდე ვამბობდი, თუ იქნებოდა ძალადობა, ევროკომისია გაიზიარებდა პასუხისმგებლობას ამ ძალადობისთვის სწორედ პრესსპიკერის განცხადების გამო. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, უკვე ორჯერ გააკეთა 4 ოქტომბრის წარუმატებელი დამხობის შემდეგ კომენტარი პრესსპიკერმა და ორივეჯერ თავს დაესხა საქართველოს ხელისუფლებას, ნაცვლად იმისა, რომ დაეგმო მოძალადეებისა და პრეზიდენტის სასახლის შტურმით ამღებების ქმედება. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ გაექცეს პასუხისმგებლობას იმისთვის, რაც გააკეთა. კერძოდ, მან შეაგულიანა და გარე მხარდაჭერა გამოუცხადა 4 ოქტომბერს დაგეგმილ ხელისუფლების დამხობის შეკრებას", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი, ეს არის ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავების პირდაპირი მხარდაჭერა.
„ამიტომ, ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი. ეს არის პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოში ძალადობრივი გზით სახელმწიფო შენობების დაკავებისა. ეს არის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა ჩვენ ვიხილეთ ჯერ პრესსპიკერის განცხადებაში, როდესაც 4 ოქტომბრის დაანონსებულ ძალადობას მხარი დაუჭირა და ახლა ვხედავთ მათი დუმილით და ეს ასე უნდა მივიღოთ ქართველმა ხალხმა. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და სამწუხაროდ, ამ ყველაფრის უკან დგას არა უბრალოდ უცხო ძალები, არამედ პირდაპირ ვხედავთ სხვადასხვა ევროპულ სტრუქტურებს, რომლებიც ჩართული არიან ამ ყველაფერში. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის პრეზიდენტის სასახლის შტორმით აღების მცდელობის პარალელურად და მე გუშინ გამოვაქვეყნე წუთობრივი შედარება. პარალელურად, მაშინ, როდესაც ლამის ქვეყანა 90-იან წლებში ბრუნდებოდა და ვიდექით ზღვარზე ამისა, რომ აქ ატეხილიყო ქაოსი, ზუსტად ამის პარალელურად ვხედავდით ევროპელ პოლიტიკოსებს, მათ შორის მოლდოვის პრეზიდენტს, რომელმაც პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღებას, ძალადობას და ა.შ. პირდაპირ, პარალელურად ამისა, ვხედავდით ამ ყველაფერს, ვინაიდან აშკარა იყო, რომ იყო მხარდაჭერილი ეს ძალადობა გარედან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, ვინ არის პასუხისმგებელი პროცესების იმ განვითარებაზე, რაც საზოგადოებამ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის დროს იხილა.
„ეს არის ერთი და იგივე მორალი - კრიმინალური მორალი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ სხვადასხვა გრადაციაა. არის უშუალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და შსს, უსაფრთხოების სამსახური მოქმედებენ ძალიან მაღალი სტანდარტით, სისტემურად, ხდება განცალკევება იმისა, ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი. მეორე ნაწილი არის შიდა პოლიტიკური ჯგუფები და ამაში მოიაზრებიან პარტიული და ენჯეო ჯგუფები, რომლებიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. ერთმანეთზეც ძალიან კარგად საუბრობენ სხვათა შორის, რა პასუხისმგებლობა აქვთ. კერძოდ ის, რომ ახლა ზოგიერთმა ამ აქტივისტმა, რომელიც 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე მივიდა ხელისუფლების დასამხობად, ზუსტად იცოდა, რისთვის მიდიოდა. მანამდე ჰქონდათ რამდენიმეკვირიანი კამპანია ნეპალთან შედარებით, ზუსტად იცოდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება, სადაც უნდა შევარდნილიყვნენ და დაეღვარათ სისხლი. ახლა ნურავინ თავს ნუ იკატუნებს, რომ 4 ოქტომბერს იქ მივიდა იმისთვის, რომ უბრალოდ მისულიყო, გაესეირნა, ზოდელავასთვის მოესმინა და მერე სახლში დაბრუნებულიყო", - განაცხადა პაპუაშვილმა.