
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან რცხვენია, რომ ხალხი ციხეში ზის, თავად კი მოვლენებს სამზარეულოდან ადევნებდა თვალს.
„მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია ამის. მეორე მხრივ, საღი აზრის ფარგლებში, ადამიანები თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რის ორგანიზებაზეა იქ საუბარი", - აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იყო იმავე რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყება, როგორიც 9 პარილი.
„გადაჭარბების გარეშე, შვილებს ვფიცავარ, ეს არის იმ რანგის მშვიდობიანი სამოქალაქო აჯანყების დღე, როგორიც იყო 9 აპრილი", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა" პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას სავარაუდო სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.