რეზონანსი
10.10.2025

აშშ-ის კონგრესის სენატმა 77 ხმით 20-ის წინააღმდეგ 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი (NDAA) მიიღო.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მომზადებული „მეგობარი აქტი" საკანონმდებლო პაკეტიდან ამოღებულია და ამ ეტაპზე მისი მიღება არ მომხდარა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც „მეგობარი" აქტის მიღება სენატში ჩავარდა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეიტანდა, რათა მისი მიღება კიდევ ერთხელ ეცადა, თუმცა სენატის მიერ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნათელი ხდება, რომ ამერიკელი კანონმდებლის ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანილია შესწორება, რომელიც მოუწოდებს უკრაინიდან გატაცებული ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას და ავალდებულებს აშშ-ს დაეხმაროს მათ პოვნაში, რითაც ეს „ჰუმანიტარული ტრაგედია" პენტაგონის ოფიციალურ სამოქმედო გეგმად იქცევა.

ეს დებულება ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან ომის დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის დაგმობას და რომ აღნიშნული საკითხი არ ექვემდებარება რაიმე კომპრომისს მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შესწორებას, რომელიც 2002 წლის ერაყის ომის ავტორიზაციის დაუყოვნებლივ გაუქმებას ითხოვს.

სენატმა დაამტკიცა კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ ცნობილ კანონს, ე.წ. „კეისარის აქტს", აუქმებს.

სენატის მიერ მიღებული კანონპროექტები ახლა ორივე პალატის მიერ დაკომპლექტებულ კონფერენციაზე უნდა განიხილონ და ერთ ტექსტზე შეთანხმდნენ, რადგან წარმომადგენელთა პალატასა და სენატში განსხვავებული კანონპროექტები მიიღეს.

საბოლოო ჯამში, კონფერენციაზე შეჯერებული ვერსია განსახილველად ორივე პალატაში ბრუნდება ხელახლა კენჭსაყრელად, სადაც ცვლილებების შეტანა აღარ შეიძლება. ორივე პალატის მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემდეგ კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×