
შსს სამინსიტრომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 ადამიანი დააკავა, - ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 ადამიანი
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ იმ პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, რომლებმაც მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
გამოძიების ფარგლებში, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ა. დ., ი. ჩ., ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად - შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სიახლეებს საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით." , - წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცადებაში.