
უწყვეტი პროტესტში მონაწილე აქტვისტები ჩავარდნილი „მშვიდობიანი რევოლუციის" შემდეგ სულ უფრო აქტიურად უტევენ და აკრიტიკებენ პოლიტიკურ პარტიებს. ანალიტიკოსთა შეფასებით, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო ოპოზიციის სრული დისკრედიტაციის ფონზე, შესაძლოა ქუჩის აქტივისტები პოლიტიკური ველიდან პარტიების ჩაჩოჩებას და წინა პლანზე გამოსვლას ცდილობენ.
ბოლო 10 თვის უწყვეტი პროტესტის ფონზე, თავად ხელისუფლების ოპონენტი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდანაც კეთდებოდა განცხადებები, რომ საჭიროა პოლიტიკურ ველზე ახალი ოპოზიციური ძალების გამოჩენა, მათ შორის ქუჩის პროტესტის გამორჩეული აქტივისტების მონაწილეობით. გარდა ამისა, აქტივისტები მუდმივად იყვნენ ოპოზიციური მედიის ყურადღების ცენტრში. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს აქტივისტები ეწყვეტი პროტესტის პირობებში გარკვეული თვალსაზრისით სწორედ ოპოზიციისგან იყვნენ წახალისებული.
დღეს კი ქუჩის აქტივისტების უმრავლესობა ღიად ადნაშაულებს პოლიტიკურ პარტიებს 4 ოქტომბრის აქციის ჩავარდნაში. აქტივისტთა ცალკეული წარმომადგენლები კი მათ საერთოდ განზე გადგომას ურჩევენ, რადგან „პარტიებს ხალხი აღარ ენდობა". პარალელურად კი საკუთარ გეგმებს სახავენ. ამასთან, აქტივისტები ამბობენ, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებენ და მათ შორის ოპოზიციურ მედიასთანაც „ის შეთავაზებები ექნებათ, რაც საზოგადოებრივ ნაუწყებელთან ჰქონდათ".
როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, არაა გამორიცხული ისინი თავად ცდილობდნენ წინა პლანზე წამოწევას, არსებული ოპოზიციის ჩაჩოჩებას და ალტერნატივის შექმნას.
თუმცა, როგორც ანალიტიკოსები დასძენენ, აქ მთავარი საკითხია აქვთ თუ არა ამის პოტენციალი. მათი შეფასებით, არაა გამორიცხული, რომ განცხადებები განცხადებადვე დარჩეს, რადგან იმისათვის, რომ პოლიტიკაში წინა პლანზე წამოხვიდე, შესაბამისი კაპიტალი უნდა გქონდეს, თუნდაც სოციალიური, რომ ხალხი გამოგყვეს და გენდოს.
ახალი სტრატეგია
ერთ-ერთი აქტივისტი, „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ლიდერი გოტა ჭანტურია ამბობს, რომ საპროტესტო მოძრაობაში განახლებებია საჭირო მეტი შედეგისა და ეფაქტიანობისთვის.
„სამი რამაა, რასაც გავაკეთებთ და ჩვენი საქმიანობის არეალს გავაფართოვებთ. მთავარი ფოკუსია პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ყველაზე მძლავრი იარაღია. გვინდა საჯარო სივრცეები კიდევ უფრო მეტად დავფაროთ - ბაზრობები, მეტროები, პარკები, შეკრებების ადგილები, სადაც იმ ინფორმაციას გავაჟღერებთ, რასაც პროპაგანდისტული მედიები მალავენ, ან წამლავენ ჩვენს საზოგადოებას. ამაში უფრო მეტ რესურსს ჩავდებთ, ისევე როგორც ციფრულ მედიაში გავაქტიურდებით.
„უწყვეტი მარშის ფორმიდან გადავალთ პერიოდულ ხალხმრავალ, ორგანიზებუილ თემატურ მარშებზე.
„მესამე, ეს არის გარკვეული შეთავაზებები მათ შორის კრიტიკული მედიისადმი, რომელიც ამ გამოცდილების საფუძველზე დაგვიგროვდა და ის მოთხოვნები, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელთან გვქონდა, ამას გავაჟღერებთ და უფრო საქმიან ფორმატში შევთავაზებთ", - განაცხადა ჭანტურიამ „ტვ პირველთან".
ოპოზიციური პარტიებით დიდად უკმაყოფილოა სამოქალაქო აქტივისტი და უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე, რომელიც „ტვ პირველთან" ამბობს, რომ ოპოზიციას ხალხი აღარ ენდობა.
„მივმართავ პოლიტიკოსებს, ციხეში არიან თუ გარეთ, გაანებონ ამ ყველაფერს თავი - 4 ოქტომბერზე საუბარს, დამუნათებას, რადგან პარტიულებო, პარტიებო, თქვენ ხალხი აღარ გენდობათ. ხალხი ენდო ხალხს, ეს ხალხი იყო 4 ოქტომბრის აქცია.
„17 პარტიას შეხვდა ბატონი პაატა და მათ უარი თქვეს. ან გაერთიანდით, ან დამწკრივდით კალაძემ რომ ადგილი შეარჩია მთაწმინდაზე",- ამბობს ხმალაძე დიანა ტრაპაიძესთან.
ემმ-ის ყოფილი წევრი ნიკა ობოლაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციას ახლა ერთი გამოსავალი აქვს - პოლიტიკური შეთანხმება „ოცნებასთან".
„რა მოხდა, სად მოვედით და რა უნდა გავაკეთოთ - ოპოზიციას არ მოუგია გადამწყვეტად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ამის მერე ერთწლიანი პროცესი წავიდა არა იმისკენ, რომ ჩვენ მოგვეპოვებინა უკეთესი პირობებით არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, არამედ არჩევნებში შესვლა ქვეყნის ღალატად გამოცხადდა...
„ის, რაც ხაბეიშვილმა მაშინ თქვა, ამ პროცესში ლოგიკური იყო - თუ არჩევნებს არ აღიარებ და თუ ამბობ, რომ „ოცნებას" არც კი დაველაპარაკებიო, მაშინ რევოლუციამდე მიდიხარ. მაშინ საზოგადოების ამ ნაწილის დაკვეთა გაახმოვანა ხაბეიშვილმა და იმ ხუთმა ლიდერმა, რომლებიც დააკავეს...
„საბოლოო ჯამში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობეს გაეჯაჯგურა 15-20 კაცი... თუ არჩევნებში არ შედიხარ, ფიზიკურად რევოლუციაში არ მონაწილეობ, „ოცნებასთან" მოლაპარაკება არ გინდა - აბა, რას აკეთებ? ვადამდელი არჩევნები რომ დაინიშნოს, ოპოზიცია შევა?
„არ ვთვლი, რომ „ქართული ოცნება" სუსტია, ან მისი რიტორიკა სასაცილოა. მგონია, რომ მათ რაღაც აზრების დაფუძნებაც მოახერხეს და ვერტიკალიც გამართეს", - ამბობს ობილაძე „ტვ პირველთან".
მისი თქმით, საზოგადოებაში რევოლუციური მუხტი არაა, ეს გზა დასრულდა და „ქართულ ოცნებასთან" თანაცხოვრება მოგვიწევს", ხოლო გამოსავალი ისაა, რომ „პოლიტიკური შეთანხმება შედგეს „ქართულ ოცნებასთან".
4 ოქტომბრის შედეგები და აქტივისტები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობა.
„მათგან რაიმე ისეთი მზაობა, განზრახვა, განცხადება არ მომისმენია, რომ პოლიტიკურად წინა პლანზე წამოვიდნენ, თუ ცალკეულ განცხადებებს არ ჩავთვლით. პრინციპში ასეთი ვარიანტი არაა გამორიცხული, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე შესაძლებლობა. იმისათვის, რომ პოლიტიკაში ჩაერთო და წინა პლანზე წამოხვიდე, ზურგს უკან რაღაც უნდა გქონდეს, ან თუ პოლიტიკაში აქამდე არ იყავი, რაღაც სოციალური კაპიტალი უნდა გქონდეს, ან საზოგადოებისთვის მისაღები და სანდო ცნობადი ფიგურა უნდა იყო. იმ ხალხში კი ასეთ ფიგურებს ვერ ვხედავ.
„ამ 310-დღიანი პროტესტის მიუხედავად, ამ მონაწილეებიდან არ გამოიკვეთა ისეთი ლიდერი, რომელსაც საზოგადოება გაჰყვება. პირიქით, მე თუ მკითხავთ, უფრო ნეგატიური დამოკიდებულება დაიმსახურეს საზოგადოების უმეტესობისგან, ვიდრე დადებითი. თუ შეიძლება დამისახელოთ ისეთი ლიდერი, რომელივ 7-8 თვიანი პროტესტის შედეგად გამოიკვეთა, მეინსტრიმულ პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, მაშინ შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ, მაგრამ მე პირადად ასეთს ვერ ვხედავ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქტივისტთა ნაწილს მართლაც სურს ინიციატივა აიღოს, ნაწილი რეალობას აცნოიერებს.
„აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილს სურს, რომ ინიციატივა თავად აიღოს, ნაწილი აცნობიერებს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კოორდინაცია მნიშვნელოვანია. მაგალითად, სამოაქალაქო საზოგადოებაში არიან მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები და შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს, თუმცა პარტიის შექმნაც მთლად ასეთი ადვილი არაა, იქ დაფინანსება სჭირდება, იქ რეგიონებში ფილიალების გახსნა...
„მათ თავის თავზე ინიციატივის აღება შეუძლიათ, თუმცა დრო სჭირდებათ, რადგან ჯერჯერობით პარტიის ჩამოყალიბება ცოტა რთულია", - განაცხადა ჩიტაძემ.
რა მოჰყვება ასეთ მცდელობებს
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ აქტივისტების განცხადებები განცხადებებად დარჩება.
„ვფიქრობ, განცხადებები განცხადებებად დარჩება. ყველას აქვს სრული უფლება, რომ საზოგადოებას შესთავაზოს საკუთარი თავი, როგორც პოლიტიკური ლიდერი და მერე საზოგადოების გადასაწყვეტია რამდენად მოიწონებს, დაუჯერებს და გაყვება.
„იმისათვის, რომ გახდნენ ღირსეული ალტერნატივა, საზოგადოებას უნდა შესთავაზონ მისთვის მისაღები და გასაგები ალტერნატივა და ეს ჯგუფები საზოგადოებას რას სთავაზობენ? ისინი ახალ არჩევნებს, პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ და ახლა პრემიერის გადადგომაც დაამატეს. სხვას რას სთავაზობენ, რამე სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა დაწერეს, რაც ხალხისთვის მისაღები იყო თუ რა?
„თუმცაღა საქმე ისაა, რომ რასაც შესთავაზებ, შენ იმაშიც უნდა დააჯერო, რომ მე ამის გამკეთებელი და შემსრულებელი ვარ, რომ ეს რეალისტური და მისაღები იყოს. სწორედ ამიტომ არიან ეს ჯგუფები რადიკალურები და მარგინალურები, რომ საზოგადოებას არაფერს ღირებულს არ სთავაზობენ, გარდა მყვირალა აქციებისა, რომლითაც ყურადღების მიქცევა სურთ.
„პრემიერმა თქვა, ეს უნდა დასრულდესო. გასაგებია, რომ „ოცნების" ამომრჩეველი ამ ყველაფრით უკმაყოფილოა და ხელისუფლებისგან მოქმედებას ითხოვს. ჯერჯერობით 310-დღიანმა პროტესტმა, რაზედაც უცხოურ გამოცემაში სტატიაც მაქვს დაწერილი, საზოგადოებისთვის ვერაფერი ღირებული ვერ წარმოშვა" - განაცხადა ანჯაფარიძემ.
ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ქუჩის აქტივისტებს მოვლენების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში გაუჭრდებათ პოლიტიკური პარტიების ჩანაცვლება.
„ამ განცხადებებს შესაძლოა საპროტესტო აქციების გააქტიურება მოჰყვეს, მაგრამ ხელისუფლება რომ არჩევნებს დათანხმდეს კიდეც, მაშინ მაინც პარტიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა - რეალობა ასეთია. ოპოზიციის ჩანაცვლება ცოტა გაუჭირდებათ", - განაცხადა ჩიტაძემ.