
ევროკომისია შიდა ჯგუფს შექმნის, რომელიც ევროპულ ინსტიტუტებში უნგრეთის ჯაშუშობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცნობებს შეისწავლის. ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.
უნგრეთის სპეცსამსახურების მიერ ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების პერსონალის წინააღმდეგ თვალთვალის შესახებ ინფორმაცია უნგრულმა საგამოძიებო მედიაპროექტმა Direkt 36-მა და რამდენიმე ევროპულმა გამოცემამ, მათ შორის გერმანულმა Der Spiegel-მა გაავრცელეს.
„კომისია ცნობად იღებს დღეს გავრცელებულ ყველა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, უნგრეთის სადაზვერვო სამსახური ევროკავშირისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ ჯაშუშურ ოპერაციებს ატარებდა. კომისია ასეთ ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება. ჩვენ შევქმნით შიდა ჯგუფს ამ ბრალდებების შესასწავლად“, – განაცხადეს ევროკომისიაში.
აღნიშნულ საკითხზე უნგრულ ონლაინგამოცემა Index-თან კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ. როგორც სიიარტომ აღნიშნა, ამის შესახებ არაფერი იცის და მისი აზრით, აღნიშნული ბრალდებებისთვის საფუძველი არ არსებობს.