ნატალია ჯვარიძე
09.10.2025

პარტიები „გახარია საქართველოსთვის" და „ლელო" დანარჩენ ოპოზიციას მკვეთრად უპირისპირდებიან და მათთან ყველანაირ თანამშრომლობას გამორიცხავენ. ამასთან, მათი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათი წარმომადგენლები 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად საკრებულოებში მოპოვებულ ადგილებს დაიკავებენ. ექსპრემიერის პარტია კი, დიდი ალბათობით, პარლამენტში შევა, რადგან, სხვა ბარიერგადალახული პარტიებისგან განსხვავებით, მათ თავისი სია არ გაუუქმებიათ.

ოპოზიციაში მიმდინარე დაძაბულ ვითარებასა და მათ სავარაუდო გეგმებზე „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გახარიას სვლები ყველაზე მომგებიანია.

„გახარია რომ ახლა მთლიანად უპირისპირდება ოპოზიციის ნაწილს, მომგებიანია მისთვის. ამ ფონზე, შეიძლება პარლამენტშიც შევიდნენ", - განაცხადა პოლიტოლოგმა, პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" და „ლელოს" წარმომადგენლები საჯარო განცხადებებში რაიმე ალიანსებში მათ მონაწილეობის განხილვასაც კი გადაჭრით გამორიცხავენ. ორივე მკაცრად აკრიტიკებს 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსა და ადგილობრივი არჩევნებისადმი ბოიკოტში მყოფ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც მათ თვეების განმავლობაში უპირისპირდებოდნენ.

თუმცა, ერთ საკითხზე მათი შეხედულებები განსხვავებულია. „ლელოში" აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სურვილი ჰქონდა ოპოზიციის მხრიდან თვილისის მერობის საერთო კანდიდატი ყოფილიყო. ამას „ლელოც" ეთანხმებოდა, თუმცა ოპოზიციის შგნით ამაზე შეთანხმება ვერ შედგა.

გახარიას პარტია კი პირიქით, მკვეთრად უპირისპირდება მეხუთე პრეზიდენტს და მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე პასუხისმგებლობა სალომე ზურაბიშვილსაც უნდა დაეკისროს.

ეს ორი პარტია 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე კოორდინირებულად მოქმედებდა. თბილისის მერის არჩევნებზე მათ საერთო კანდიდატად „ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ჰყავდათ წარდგენილი, ხოლო სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, „ლელოს" და გახარიას პარტიის მერობის კანდიდატები არ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ასეცე იყო საკრებულოების მაჟორიტარულ არჩევნებში. პროპორციულ არჩევნებში კი ორივე პარტია დამოუკიდებლად, საკუთარი სიებით მონაწილეობდა.

„ლელოს" პოზიცია

„ლელო - ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების აქამდე არსებულ პლატფორმებს არანაირი შედეგი არ ჰქონია.

„ყველას ვუსურვებ წარმატებას ყველა ბრძოლაში ივანიშვილის წინააღმდეგ. ბევრი მათგანი მგონია არასწორი, ჩვენ ვნახეთ მათ მიერ დაშვებული კატასტროფული შეცდომები.

„საერთოდ არ მინდა არანაირი ფორმატი ადამიანებთან, რომლებიც არ აზროვნებენ. სამუშაო მაგიდაზე დაჯდომა იმ ხალხთან ერთად, რომელიც სამი თვე „აბოლებდა" ამომრჩეველს? - არა, არანაირი სურვილი არ მაქვს.

„ხომ დავსვი კითხვა, რასაც ამბობდნენ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების" ლეგიტიმაციაზე იყო სისულელე? - იყო! რასაც ამბობდნენ სტაბილიზაციაზე, იყო სისულელე? - იყო! რასაც ამბობდნენ არითმეტიკულად იყო სისულელე? - იყო! 20%-იან მერს აჩუქეს ეს ქალაქი? - აჩუქეს! მილიარდზე მეტი ბიუჯეტი აჩუქეს „ქოც" კორუმპირებულ რუსს? - აჩუქეს! გააძლიერეს ამით ეს რეჟიმი? - რასაკვირველია, გააძლიერეს! საერთოდ არ მინდა არანაირი ფორმატი ადამიანებთან, რომლებიც არ აზროვნებენ. ამ პლატფორმებმა რაიმე შედეგი აქამდე მოგვცა?

„სალომე ზურაბიშვილს, ვფიქრობ, ჰქონდა გარკვეული ინტერესი მერობასთან დაკავშირებით. ისიც კი ვერ მოხდა, ზურაბიშვილთან შექმნილ ფორმატში კონსულტაცია გამართულიყო და სალომე ზურაბიშვილი დამდგარიყო მერობის კანდიდატად, როგორც მას სურდა. ისიც კი ვერ მოხდა, სალომე ზურაბიშვილი დაგვეყენებინა მერობის კანდიდატად და მთელს ქვეყანას გვებრძოლა მის გვერდით. ეგრე უნდა გვებრძოლა და მერიაში დღეს კახა კალაძე კი არ იჯდებოდა, არამედ გვეყოლებოდა ქართველი, პროქართველი მერი, რომელსაც მანდატი 20% კი არა, 60-65% ექნებოდა," - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გახარიას პარტიის პოზიცია

გახარიას პარტია კი არა მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებს უპირისპირდება, არამედ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც აკისრებს პასუხისმგებლობას.

„ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა დადგება, ვინც არ გააფრთხილა საქართველოს მოქალაქეები იმ პროვოკაციაზე, რასაც ამზადებდა „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები. ჩვენ ამ დღეს არ ვეძახით შეცდომას, ეს იყო დანაშაული.

„ახლების" წარმომადგენელი პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა გამოდიან და ცდილობენ თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა, სწორედ 35 ახალ მსხვერპლსა და ოჯახებს, რომლებიც ციხეში არიან, რას ეუბნებიან ამ ადამიანებს?!

„ის შედეგი, რაც დადგა 4 ოქტომბრის პროვოკაციის შედეგად, ეს შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება. სამწუხაროდ, ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ბრალია, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო გაიმყარა საკუთარი პოზიციები. ამ ადამიანებმა, ყველამ ერთად მიიღეს ის, რომ პროტესტი განადგურებულია", - აღნიშნა „გაახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ.

ვის რა პესპექტივა აქვს

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ გახარიას პარტიისთვის ოპოზიციაში დაპირისპირება მომგებიანია.

„უნდა აღინიშნოს, რომ გახარიამ ეს მოძრაობა ადრეც დაიწყო. ცხადია, მიხვდა, რომ „ნაცების" მხადამჭერებიდან ვერც ერთ ხმას ვერ მოიპოვებდა და დაიწყო მუშაობა. რა თქმა უნდა, გახარია სწორს აკეთებს მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენი აბსოლუტური მოსახლეობის განწყობაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა ამ შტურმა. გახარია რომ ახლა მთლიანად უპირისპირდება ოპოზიციის ნაწილს, მომგებიანია მისთვის. ამ ფონზე, შეიძლება პარლამენტშიც შევიდნენ. უფრო მეტსაც გეტყვით, როცა მან და „ლელომ" გამოაცხადეს, რომ არჩევნებში მონაწილეობდნენ, მეორე მხარემ მოღალატეები უწოდეს. დაპირისპირება მეორე მხარიდან წამოვიდა. ამ პროცესებს მე ასე ვაფასებ",- განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა გაირკვეს, ვის რა პოზიცია უჭირავს.

„ჯერჯერობით ამ პროცესის შედეგზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ საკმაოდ პრინციპული განსხვავებაა, როცა არჩევნებში მონაწილე პარტიები ბოიკოტში მყოფებს უპირისპირდებიან, გამომდინარე იქიდან, რაც 4 ოქტომბერს მოხდა. ამან ხელისუფლებას საშუალება მისცა, რომ ქვეყანაში თითქმის ლეგიტიმური რეპრესიები დაეწყო და როგორც ვხედავთ, ამდენი ადამიანი დააკავეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მათი რიცხვი 100 კაცამდე ავიდეს. გარდა ამისა, ალბათ დიდ დარტყმას მიიღებს არასამთავრობო სექტორი და თავისუფალი მედია. ანუ ეს ყველაფერი შემოფარგლულია იმ ადამიანებით, რომლებიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან იყვნენ და პროცესში მონაწილეობდნენ.

„რაღაც მძიმე ნაბიჯების გადაგმას არც „ლელოს" და არც გახარიას პარტიას არ ვურჩევდი. არ ვგულისხმობ კრიტიკას. პროცესი ჯერ არ დასრულებულა. გასაგებია, რომ ისინი 4 ოქტომბრის აქციას ემიჯნებიან და ალბათ, ეს ასე უნდა დარჩეს. თუმცაღა მომავალში ძალიან მკაფიო უნდა გახდეს, ვინ ვისთან თანამშრომლობს და რომელს რა ამოცანა აქვს.

„4 ოქტომბერი ჩავლილია და შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა აღარ არის, მაგრამ გამორიცხული არ არის ეს კიდევ განმეორდეს. ამიტომ ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის რა პოზიციები აქვს მანამდე და მის მერეც.

„გასაგებია, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ეს ასეც იყო მოსალოდნელი, თუმცა ჯერჯერობით არც ერთი მხარე არ ჩამოყალიბებულა. მხოლოდ ის ვიცით, რას აკეთებს ხელისუფლება - აგრძელებს რეპრესიებს, რისი შესუსტებაც მარტივი არ არის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×