
ისრაელმა და „ჰამასმა" აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველ პუნქტზე შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამის დოკუმენტს მხარეებმა 9 ოქტომბერს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაცია თავად პრეზიდენტმა ტრამპმა გაავრცელა.
როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, ეს ნიშნავს ძალიან მალე ყველა მძევლის გათავისუფლებას, ისრაელი თავის ჯარებს გაიყვანს შეთანხმებულ ხაზზე და ეს იქნება პირველი ნაბიჯები მყარი, გრძელვადიანი და მუდმივი მშვიდობისკენ.
მისივე შეფასებით, ეს არის „დიდი დღე" არაბული და მუსლიმური სამყაროსთვის, ისრაელისთვის, ყველა მეზობელი ქვეყნისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.
მოგვიანებით „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასი" ებრაელი მძევლების გათავისუფლებას, სავარაუდოდ, ორშაბათს დაიწყებს.
შეთანხმების მიღწევა ოფიციალურად დაადასტურეს ისრაელმაც, „ჰამასმაც" და მათ შორის მოლაპარაკების შუამავლებმა. მიღწეულით ყველა კმაყოფილია, თუმცა მხარეები მაინც იჩენს გარკვეულ სიფრთხილეს.
„ჰამასმა" მოუწოდა შუამავლებს, აიძულონ ისრაელი „სრულად შეასრულოს შეთანხმების მოთხოვნები და არ მისცენ მას საშუალება, თავი აარიდოს ან გადადოს შეთანხმების შესრულება".
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ შეთანხმების დასამტკიცებლად ისრაელის მთავრობასა და უსაფრთხოების კაბინეტს მოიწვევს.
„ეს შესანიშნავი დღეა ისრაელისთვის. მთავრობას მოვიწვევ შეთანხმების დასამტკიცებლად და ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ნეთანიაჰუმ, შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა და აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში მიიწვია, რათა ქნესეთში სიტყვით გამოვიდეს.
„გეგმის პირველი ფაზის დამტკიცების შედეგად, ყველა მძევალი სახლში დაბრუნდება. ეს დიპლომატიური წარმატება და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული და მორალური გამარჯვებაა", - ნათქვამია მის განცხადებაში.
ამ სატელეფონო საუბრის შესახებ ტრამპმაც ისაუბრა „ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში:
„ბიბიმ (ბენიამინ ნეთანიაჰუმ) მითხრა: „ვერ ვიჯერებ, ახლა ყველას მოვწონვარ". მე ვუთხარი: „რაც მთავარია, ახლა მათ ისრაელი ისევ უყვართ. ბიბი, ისრაელს მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუძლია". ის ახლა ამას ძალიან კარგად ხვდება", - აღნიშნა ტრამპმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე მიესალმებიან შეთანხმებას, თუმცა მოუწოდებენ ჯარისკაცებს, „მზად იყვნენ ნებისმიერი სცენარისთვის".
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გენერალმა ეიალ ზამირმა, თავდაცვის ძალებს დაავალა, მოემზადონ ძლიერი თავდაცვითი მექანიზმებისთვის და „მზად იყვნენ ნებისმიერი სცენარისთვის". ასევე მზად იყვნენ მძევლების დაბრუნების ოპერაციის წარმართვისთვის.
„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ მოქმედებას ომის მიზნების მისაღწევად და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეების დასაცავად ყველა ფრონტზე", - განაცხადა ზამირმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გააფრთხილეს პალესტინელები, რომ ოფიციალური ინსტრუქციების გაცემამდე არ დაბრუნდნენ ღაზის სექტორის ჩრდილოეთში, ან არ მიუახლოვდნენ იმ ტერიტორიებს, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალები არიან განლაგებული.
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა რამდენიმე პუნქტისგან შედგება, რომლის მიხედვითაც, ისრაელი არ მოახდენს ღაზის სექტორის ანექსიას ან ოკუპაციას; არავის აიძულებენ დატოვოს ღაზა, წასვლის სურვილის შემთხვევაში თავისუფლად შეძლებენ ღაზის დატოვებას და ასევე თავისუფლად შეძლებენ უკან დაბრუნებას; შეიქმნება ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმა ღაზის აღსადგენად; ისრაელის მიერ წინადადების მიღებიდან 72 საათის განმავლობაში ყველა დარჩენილი მძევალი დაუბრუნდება ისრაელს, მათ შორის გარდაცვლილების ცხედრებიც; აშშ დაამყარებს დიალოგს ისრაელსა და პალესტინელებს შორის „მშვიდობიანი და აყვავებული თანაარსებობის პოლიტიკური პერსპექტივების შესახებ შეთანხმების მისაღწევად"; აშშ არაბულ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს დროებითი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესაქმნელად, რომლებიც დაუყოვნებლივ განთავსდებიან ღაზაში; „ჰამასის" წევრებს, რომლებიც ვალდებულებას იღებენ მშვიდობიანი თანაარსებობაზე და განიარაღდებიან, მიენიჭებათ ამნისტია; ყველა მძევლის გათავისუფლების შემდეგ ისრაელი გაათავისუფლებს 250 პირს, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, ასევე 1 700 პირს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს; დახმარების შეტანა და განაწილება განხორციელდება ორივე მხარის ჩარევის გარეშე გაეროს მეშვეობით.