დღეს კერძო სექტორი თვითნებურად ადგენს ფასებს და ვერავინ ეწინააღმდეგება
ქეთო გოგოხია
09.10.2025

ჯანდაცვის სექტორში ფასების ზრდა კორუფციის ეჭვს ტოვებს. სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, რომ კლინიკებისა და ფარმაციის ბიზნესი რეალურად ვერ კონტროლდება. ერთადერთი გამოსავალია, კლინიკების მართვაში სახელმწიფოს როლის გაძლიერდეს და კერძო ბიზნესი წილი შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება და ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა მოსახლეობის დიდ ნაწილს შეეზღუდება სიძვირის გამო. სპეციალისტები სწორედ ამ ფაქტორზე ამახვილ;ებენ ყურადღებას და მთავრობას მოუწოდებენ, შეცვალონ მიდგომა და სექტორი კერძო ბიზნესისგან დაიხსნან.

აღმოჩნდა, რომ ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მეტად საავადმყოფოს მომსახურება არის გაძვირებული, ასევე მედიკამენტები, ექიმის კონსულტაცია, ქირურგიული მომსახურება და სტომატოლოგიური სერვისი.

"საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავადმყოფოს მომსახურება გაძვირებულია 27%-ით, თერაპევტის კონსულტაცია - 13%-ით, ჯანმრთელობის დაზღვევა - 8.7%-ით, სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 7%-ით, ხოლო სისხლის ანალიზი - 5%-ით.

ცხადია, გაძვირება ყველაზე მტკივნეულად აისახა იმ ადამიანებზე, რომლებსაც ძვირად ღირებული მომსახურება სჭირდებათ ან კლინიკებში ხშირად უწევთ სიარული. როგორც ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, კახაბერ ჯაყელი  აღნიშნავს,  სამედიცინო დაწესებულებებში ფასების ზრდა ინფლაციის მაჩვენებელს ბევრად აჭარბებს და გარკვეული სახის დარღვევებზეც მიგვანიშნებს.

,,საქართველოში ჯანდაცვის სისტემა, ფაქტობრივად, მოშლილია, რადგან ის სახელმწიფო პოლიტიკას არ ეყრდნობა. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითია ბრიტანეთი, სადაც  კლინიკები, ძირითადად, სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. ერთი ასეთი ერთი ჰოსპიტალი რომ არსებობდეს საქართველოში, თუნდაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი იყოს, მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ფასების დაწევა ბაზარზე. თვითნებურად ზრდიან ფასებს, ადგილი აქვს კარტელურ შეთანხმებებს, ესეც შესასწავლი და გამოსაძიებელია, სახელმწიფოს საკუთრებაში კლინიკების მცირე ნაწილიც რომ ავიღოთ, მაინც შესაძლებელია ფასების დაწევა და საკითხი  აუცილებლად დარეგულირდება", - განაცხადა კახაბერ ჯაყელმა ,,რეზონანსთან". 

მისი შეფასებით, ჯანდაცვის რა სისტემაც არსებობს საქართველოში, ველურ კაპიტალიზმის პრინციპებს ექვემდებარება და ქაოსურად ვითარდება.

,,ჯანდაცვაში უნდა შემუშავდეს გარკვეული კონცეფციები, რაც სექტორში ინფლაციის გაკონტროლებას შესაძლებლობას მოგვცემს. ნაცვლად ამისა, ჩვენ ავაშენეთ ან თავისით აშენდა ქაოსური ბაზარი, რომელიც მხოლოდ ველური კაპიტალიზმის პრინციპებს ექვემდებარება. ეს კი ნებისმიერ სფეროში ძალიან ცუდი  და მავნე ფორმაა. სახელმწიფომ უნდა ჩაატაროს რეფორმა და შეძლოს ისეთი სისტემის შექმნა, რაც ბაზარზე მოსახლეობას დაიცავს. უნივერსალური ჯანდაცვა ფიქციაა ჯერჯერობით, ზოგადი დაპირებებია და ესეც უნდა გამოსწორდეს, უფრო გამოკვეთილი სახე მიიღოს, ვინაიდან დღეს არსებობს მხოლოდ კერძო სექტორი, რომელც თვითნებურად ადგენს ფასებს და ვერავინ ეწინააღმდეგება", - დასძინა კახაბერ ჯაყელმა ჩვენთან საუბრისას. 

სპეციალისტების შეფასებით,  სამედიცინო მომსახურების გაძვირება იმ სახელმწიფო პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც კლინიკების მიმართ ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფრის ფასი იზრდება, სამედიცინო დაწესებულებებისთვის "დიარჯი" პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება, ამოქმედებიდან დღემდე ერთხელაც არ გადახედილა.

,,სახელმწიფომ, ე.წ. "დიარჯი" პროგრამა რომ შემოიღო,  გულისხმობს, რომ ყოველწლიურად (შეიძლება წელიწადში ორჯერაც) უნდა გადაიხედოს და როგორი ინფლაციაც არის ქვეყანაში, იმის მიხედვით გაუზარდოს დაფინანსება კლინიკებს. 3 წლის წინ შემოიღეს და ერთხელაც არ გადაუხედავთ ფასებისთვის. სახელმწიფო ამას არ აკეთებს, დაფინანსებას არ ამატებს. ამ დროს თუ "დიარჯი" შემოგაქვს, ფასების ინდექსაცია სავალდებულოა. ეს არ ხდება და ახლა კლინიკები ზარალზე ხომ არ იმუშავებენ? ექიმებს, ექთნებს ხელფასის ოდნავი მომატება მაინც ხომ სჭირდებათ. როცა ხარისხზე ვსაუბრობთ, მოტივაციაზეც უნდა ვსაუბრობდეთ. უმოტივაციო ექიმები, ექთნები და სამედიცინო პერსონალი გვყავს იმიტომ, რომ იგივე ხელფასს იღებენ, რასაც 3-4 წლის წინ იყო. სწორედ ამიტომაც უწევთ სამედიცინო მომსახურების ფასების მომატება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ვატო სურგულაძემ.

ასეა თუ ისე, ჯანდაცვის სერვისის გაძვირების მიზეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს და რომელიმე კონკრეტული ფაქტი კარტელურ გარიგებას უკავშირდება, შესაბამისი რეაგირება მოხდეს. ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი - „სოლიდარობის ქსელის“ - გენერალური მდივანი რევაზ კარანაძე ფიქრობს, რომ ბაზარზე მინდობილი ჯანდაცვა იმართება ისე, როგორც, მაგალითად, ღვინის წარმოების ან ავტომობილების ბიზნესი. ამას კი შეიძლება უმძიმესი შედეგი მოჰყვეს.

,,სისტემურად უნდა შეიცვალოს მიდგომა, მანამდე ამ ყველაფერს არ ეშველება. ჯანდაცვა გახდება ისეთივე ბიზნესი, როგორიცაა მაღაზია, ავტომობილებით ვაჭრობა, ღვინის წარმოება და სხვა. არ შეიძლება კლინიკები თავიდან ბოლომდე კერძო სექტორის ხელში იყოს, სახელმწიფო თუ არ დაიხსნის, თუ არ ჩაერევა, არაფერი გამოვა. ამიტომ  სისტემური ცვლილებაა საჭირო, მთლიანად ჯანდაცვის პოლიტიკის გადაფასება და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გადახედვა. მთავრობა ყოველთვის გვარწმუნებდა, რომ ბიუროკრატია არ უნდა ყოფილიყო და პირიქით, უფრო გაზარდეს, ჰოსპიტალური სერვისების ხარჯი უნდა შეემცირათ და, პირიქით, გაიზარდა, რის გამოც მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ვერ გეტყვით, რამდენად ეყოფა ამ საკითხის მოგვარებას ერთი საარჩევნო ციკლი. ჯანდაცვა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ბიზნესი. ეს არის სოციალური საკითხი. კანონის დონეზე უნდა დარეგულირდეს და არა პრივატიზების და ჰოსპიტალური სექტორის საწოლების "გაყიდვის" დონეზე. როდესაც საავადმყოფო გადაკეთდება ბიზნესად, მთავარი ხდება მოგება და არა პაციენტი,“ - განუცხადა ,,რეზონანსს"  რევაზ კარანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×