მარიამ ვეკუა
09.10.2025

4 ოქტომბრის მოვლენებისა და ოპოზიციის სერიოზული კრახის ფონზე, პოლიტიკური პარტიები გამოსავლის ძიებაში არიან და უკვე გაკეთდა პირველი განცხადება შესაძლო ახალ პოლიტიკურ ალიანსზე. ამის შესახებ განცხადება „ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გააკეთა და ალიანსის პოტენციური წევრი 5 პარტიაც დაასახელა.

მისი თქმით, ოპოზიციური „რვიანი", რომელიც 4 ოქტომბრის არჩევნების ბოიკოტირების იდეის გარშემო შეიკრა, აღარ არსებობს, რადგან თავად ეს იდეა აღარაა აქტუალური. შესაბამისად, საჭიროა ახალი გაერთიანება.

„რვიანში" იყო „დროა", ვისთანაც მშვენიერი საქმიანი ურთიერთობა გამოგვდიოდა. დემოკრატიული პარტიების კოორდინაციას იხილავთ. ვერც „ნაციონალური მოძრაობა" და ვერც „ლელო" ვერ გაეკარება. საბოლოო ჯამში, საკუთარმა ამომრჩეველმა უნდა გამოუტანოს განაჩენი, მაგრამ ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაციას არ გავუკეთებთ ოლიგარქიულ ძალებს, არც ბიძინა ივანიშვილისას, არც ხაზარაძისას და არც სააკაშვილის ავტოკრატიას.

„დემოკრატიულ პარტიებად მივიჩნევ შემდეგ პარტიებს: „თავისუფლების მოედანი", „დროა", „გირჩი", „ახალი". ესენია პარტიები, რომლებიც ამ თვეების განმავლობაში გამოვცადე, არაერთი აქცია, კამპანიები ჩავატარეთ, ნორმალური თანამშრომლობა გამოგვდიოდა. „ევროპული საქართველო" „ნაციონალური მოძრაობის" ალიანსის ნაწილი იყო. არც ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ და სად არიან. „სტრატეგია აღმაშენებელი" და „ევროპული საქართველო" იყო „ნაციონალური მოძრაობის" კოალიციის ნაწილი და იმ კოალიციიდანაც არ გამოსულან ჯერ. შესაბამისად, მათზე ვერ ვილაპარაკებ. „სტრატეგიაც" და „ევროპული საქართველოც" არიან „ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც „თავისუფალ არჩევნებს ჩაიბარებს".

„სალომე ზურაბიშვილი კვლავინდებურად მოიაზრება იმად, რომ დემოკრატიული პროცესი დუღილის წერტილს როდესაც მიაღწევს და თავისუფალ არჩევნებს მივიღებთ, სალომე ზურაბიშვილი იქნება ის ფიგურა, რომელიც ჩაიბარებს თავისუფალ არჩევნებს. ის არის ყველაზე უკეთ პოზიციონირებული, ჩაიბაროს თავისუფალი არჩევნები და საერთაშორისო საზოგადოებასთან იყოს დემოკრატიული პროტესტის ხმა", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

რამდენად რეალურია ახალი ალიანსის შექმნა

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძის აზრით, იმპულსი იქნება, რომ ცვლილებები განხორციელდეს. თუმცა რამდენად მოახერხებენ ალიანსის შექმნას, ძნელი სათქმელია, რადგან ოპოზიციონერები ერთმანეთის მიმართ ძალიან აგრესიულები არიან.

„რაღაც კრიზისები ყოველთვის აჩენს ასეთ ტენდენციას, რომ რაღაც უნდა შეცვალო - და ცვლიან ხოლმე. პოლიტიკურ სტრუქტურებშიც რაღაც ცვლილებები სურთ, რომ განხორციელდეს. იმპულსი რომ ექნებათ, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მოახერხებენ თუ არა - არ ვიცი, რადგან იმისთვის, რომ გაერთიანდნენ, ადამიანებმა ერთამენთს ყველაფერი არ უნდა აბრალონ და აგინონ. არ უნდა იყოს აგრესია, რადგან ამის ფონზე შეთანხმება არ გამოდის. ესენი კი ძალიან აგრესიულები არიან როგორც ყველას, ისე ერთმანეთის მიმართ. ამ მხრივ არ ვიცი რამდენად შედეგიანები იქნებიან, ვგულისხმობ ჩვენს ოპოზიციას: თუ ჩათვალეს, რომ ისე არ ფიქრობ, როგორც ისინი, უკვე აგრესიაზე გადადიან. თუ მოსმენა არ შეგიძლია, იქ დემოკრატია შეუძლებელია", - განაცხადა საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეს აზრით, ალიანსების შექმნა პრობლემაა არაა, მთავარი საკითხი ისაა, შეძლებს თუ არა ეს ალიანსი ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გაერთიანებას.

„გინდა, 8 დაშალე, გინდა ახალი 20 შექმენი - მთავარია რა გავლენა ექნება ამას ელექტორატზე. არ ვიცი რა ახალი ალიანსი უნდა შექმნან და რამდენად იქნება ის მისაღები ოპოზიციური ელექტორატისთვის, ან რამდენად შეძლებს გააერთიანოს ოპოზიციური ელექტორატი - ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ პრობლემა არაა ლიდერებში, პრობლემა ელექტორატშია. მთელი 13 წელიწადია ვსაუბრობთ ერთსა და იმავეს: ეს ელექტორატი ორ ნაწილადაა გაყოფილი - ერთისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა" და „ოცნება", მეორესთვის მხოლოდ „ოცნებაა" მიუღებელი. ეს ორი ნაწილი ერთამენთში ვერ თანხმდება და ჯამურად არანაირ ერთიანობას არ წარმოადგენს.

„ალიანსების შექმნა კი არაა პრობლემა, პრობლემა ისაა, როგორ მივლენ რიგგარეშე არჩევნებამდე და რამდენად ენდობიან ეს პარტიები ერთამენთს. მეორე საკითხია „ფედერალისტების" ინიციატივა რამდენად მისაღებია ელექტორატისთვის, რადგან თავად „ფედერალისტებისადმი" დიდი ნდობა მოსახლეობაში არ არის", - განაცხადა ძაბირაძემ.

პოტენციური ალიანსის პერსპექტივა

კითხვაზე, ექნება თუ არა შექმნის შემთხვევაში ასეთ ალიანსს პერსპექტივა და ზოგადად, რას მოუტანს ეს ოპოზიციას, საყვარელიძე გვპასუხობს:

„ამ ალიანსს დიდი პერსპექტივა არ ექნება - თითოეული ჯგუფი მეტნაკლებად კავშირშია სააკაშვილთან. შედეგი არ ვიცი რა იქნება. იმედი აქვთ ხოლმე, რომ გავერთაინდებით და ყველა ხმებს წამოვიღებს, იმიტომ, რომ მანამდე, გარკვეული სოციოლოგიური მონაცემებით, ოპოზიციამ დაითვალა, რომ მათი ხმების ჯამი უფრო მეტი იყო, ვიდრე „ოცნების". თუმცა, ასეთი არითმეტიკის იმედად ყოფნა სწორი არ არის, რადგან თვითონ ოპოზიციური ლიდერების მომხრეებმა შეიძლება არ მიიღონ მონაწილეობა (არჩევნებში), თუ მათთვის მიუღებელია ის გაერთიანება, რასაც აპირებენ", - განაცხადასაყვარელიძემ.

ვახტან ძაბირაძე ფიქრობს, რომ ჩერგოლეიშვილთან ალიანსმა შესაძლოა არათუ სარგებელი მისცეს ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს, არამედ ხმებიც დააკარგვინოს.

„ასე დავსვათ საკითხი - „ლელოს" ან „ნაციონალურ მოძრაობას" სურს ჩერგოლეიშვილთან ერთობა? საკითხავია, სხვა პარტიებს თუ სურთ ჩერგოლეიშვილთან ალიანსი. რას მისცემს მათ ეს? მე რომ დღეს აქტიურ პოლიტიკაში ვიყო, ან რომელიმე ამ პარტიის წარმომადგენელი, დიდი კითხვის ნიშანი გამიჩნდებოდა - მინდა თუ არა ალიანსი „ფედერალისტებთან"? რა პარამეტრებით უნდა ვთქვა, რომ მე მინდა „ფედერალისტებთან" ალიანსი? რას მარგებს ეს? პარტიულ ხმებს მომიტანს? გარდა იმისა, რომ ეს ხმები შეიძლება დავკარგო, ისიც საკითხავია, რა შედეგის მომტანი იქნება ეს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის. ასე მარტივად არ ხდება, ათვლადია ეს ყველაფერი. თუმცა თუკი ამ ალიანსს ხმები არათუ არ მოაქვს, არამედ მაკარგვინებს, რატომ უნდა შევქმნა ასეთი ალიანსი?" - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×