რეზონანსი
09.10.2025

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა ქვეყანაში უკვე შემოტანილია.

„საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება. ქვეყანაში ვაქცინა უკვე შემოტანილია. ეს არის 4-კომპონენტიანი ევროპული წარმოების ვაქცინა. განსაკუთრებით არის მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან. საქართველოში შემოტანილია 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება უპირველესად, რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა მოქმედებას აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.

„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, სექტემბრის ბოლო მონაცემების მიხედვით, ვირუსების მაჩვენებელი შედარებით მომატებულია და მოსალოდნელია, რომ ეს შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.

„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×