
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ მცდელობა საკუთარი ქვეყნის დაბრუნების და დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. პრეზიდენტის სასახლეც არის ქართველი ხალხის, ნებისმიერი სახელმწიფო შენობა არის ქართველი ხალხის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
წითლიძის თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოლოს.
„ყველა ის ადამიანი, რომელსაც ახლა რეჟიმი აკავებს, არის რუსული საოკუპაციო რეჟიმის ტყვე — რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. ამ ადამიანების დაკავებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს. ყველა ადამიანი, რომელიც აქციაზე იდგა, იცავდა ამ ქვეყნის თავისუფლებას, კონსტიტუციას, ევროპულ მომავალს და მთავარ ეროვნულ ღირსებას.
დღეს რუსულ საოკუპაციო რეჟიმს არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო პარტნიორი, არ აქვს ნდობა საქართველოს მოქალაქეებში და ლეგიტიმაცია. ასი ათასობით ადამიანი იდგა 4 ოქტომბერს რუსთაველზე, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქემ თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ აღიარებენ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვინმე თუ მოქმედებდა არაკონსტიტუციურად, ეს არის მხოლოდ რუსული საოკუპაციო რეჟიმი და რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული ქართველის პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.