
4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი პირი GAMA-ს მებრძოლი გიორგი კირვალიძეა - შსს-მ ის დღეს დააკავა. გარდა ამისა, ცნობილია გუშინ დაკავებულ პირთა ვინაობა, რომელთაც დღეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
„2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ვლადიმერ გველესიანმა, ნიკა გვენცაძემ, მამუკა ლაბუჩიძემ, გოჩა ყატაშვილმა, გურიელ ქარდავამ, ზურაბ ჭავჭანიძემ, კონსტანტინე კოკაიამ, სულხან აბრალავამ, ბექა ქელეხსაშვილმა და გიორგი კირვალიძემ, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური ძალადობის უკვე დაკავებული ორგანიზატორების მოწოდებების შესაბამისად, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით, იერიში მიიტანეს და ფიზიკური ზემოქმედებით დააზიანეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობის დამცავი ღობე და შეიჭრნენ ეზოში. შენობის ხელში ჩაგდებისა და ეზოში მობილიზებული სამართალდამცველების წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ბრალდებულები მათ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ისროდნენ რკინის კონსტრუქციებსა და სხვა საგნებს, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავდროულად, პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა დაკავებულმა - კობა ეპიტაშვილმა პოლიციელს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო საბა კორძაიამ კი წესრიგის აღსადგენად მობილიზებული სამართალდამცველების მიმართულებით ისროლა ე.წ. ,,მოლოტოვის კოქტეილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.