რეზონანსი
08.10.2025

რა როლი ჰქონდა ექსპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 4 ოქტომბერს და რატომ გადაიფიქრა მან ამ როლის ბოლომდე შესრულება? საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციით, ძალადობრივი გადატრიალების სცენარში, სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთი მთავარი როლი ჰქონდა. პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ ტექსტში აღნიშნა, რომ ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო დროშის გამოყენება თვეების განმავლობაში გაწერილი გეგმის ნაწილი იყო.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ტექსტი, რომელიც, სავარაუდოდ, სალომე ზურაბიშვილის გამზადებული მიმართვაა საზოგადოებისა და დასავლელი ლიდერებისთვის - მიმართვა, რომელიც მას პრეზიდენტის სასახლის აღების შემდეგ, ათონელზე შესვლისთანავე უნდა გაეხმოვანებინა.

გამზადებული ტექსტის ძირითადი შინაარსი კი ასეთია: ექსპრეზიდენტი მიესალმება „თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს“ და მიმართავს „დასავლელ ლიდერებს, სტრატეგიულ პარტნიორებს“; აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა დაიბრუნა ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება დათხოვნილია. ამბობს, რომ პრეზიდენტის სასახლე და თავად ის, ქართველი ხალხის ხელშია და ულოცავს მათ.

აცხადებს, რომ პოლიციისა და ძალოვნების დიდი ნაწილი ხალხის მხარეს გადავიდა. მიმართავს დასავლელ მეგობრებს დახმარებისთვის და აცხადებს, რომ „ივანიშვილის ხუნტა გადავიდა ძალისმიერ ქმედებებზე“, ისინი „პირდაპირ ესვრიან და კლავენ თავისუფლების მოყვარულ ადამიანებს“.

გარდა ამისა, ექსპრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ფუნქციას აკისრებს პაატა ბურჭულაძეს და სთხოვს, ჩამოაყალიბოს დროებითი მთავრობა, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე. ამბობს, რომ შემოდის რუსული არმია ივანიშვილის დასახმარებლად და უბრძანებს თავდაცვის ძალებს, შეაჩერონ ამ ძალების შემოსვლა...

სავარაუდოდ, სწორედ ხალხის მასის არასაკმარისმა რაოდენობამ და, შესაბამისად, რევოლუციის, თუ გადატრიალების სცენარის ჩავარდნამ აიძულა ზურაბიშვილი და მასთან ერთად სხვა პოლიტიკოსებიც, რომ აქციისგან დისტანცირება დაეწყოთ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებიდან დარწმუნებულია, სალომე ზურაბიშვილმა ამ სცენარის შესახებ ყველაფერი იცოდა, ხოლო როდესაც დაინახა, რომ არ გამოდიოდა და ხალხის რაოდენობა დიდი არ იყო, უკან დაიხია და ამ პროცესებს გაემიჯნა.

„ზურაბიშვილმა, როდესაც დაინახა, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის დროს, არ იყო ის მუხტი და მოსახლეობის ის რაოდენობა, რომლის მეშვეობითაც სასახლის აღებას შეძლებდნენ, ხოლო სამართალდამცველებმა სამაგალითო წინააღმდეგობა გაუწიეს, მაშინ გადაიფიქრა. ამის შედეგი ხომ იცოდა, როგორიც იყო. ეს იქნებოდა აბსოლუტურად უკანონობა და ხელისუფლების ძალით ხელში ჩაგდება. ამას კი სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლები მოჰყვებოდა.

ამის გამართლებას რით აპირებდა, რომ პარიზი ან ბრიუსელი გააკეთებდა განცხადებას და მას, როგორც პრეზიდენტს, აღიარებდნენ? არჩევნების დღეს რომ გადატრიალება ხდება და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აქვთ, ამას როგორ შეიძლება, დასავლეთიდან კვერი ვინმემ დაუკრას.

პაატა ბურჭულაძის ხელით, ეს მშვიდობიანი გადატრიალება ჩაფლავდა და ასეც უნდა ყოფილიყო. ოპოზიცია აბსოლუტურად დაბნეულია და არ იციან, რა გააკეთონ. ვინ ვის გაემიჯნოს და ვისკენ გაიშვირონ ხელი, აღარ იციან“, - ამბობს აბაშიძე.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×