"ჩვენთან ფასი ყოველდღიურად იმატებს ხან 3 ლარით, ხან 5 ლარით, ხან 6 ლარით და ხანაც 8 ლარითაც კი"
გვანცა წულაია
08.10.2025

მსოფლიო ბაზარზე ოქრო უკვე არანორმალური ტემპით ძვირდება და მისმა ღირებულებამ ახალი რეკორდული ნიშნული დაიკავა. გუშინ ერთია უნცია ძვირფასი ლითონი 4 029 დოლარი ღირდა, რაც დღიურად 1.14%-ით, ერთ თვეში - 9.26%-ით, ხოლო წლიურად 52.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აღმოსვლა კიდევ გაგრძელდება და შესაძლოა, 5 000 დოლარსაც კი მიაღწიოს. 

ოქროს გაძვირება გეოპოლიტიკური რისკის შიშით, მათ შორის აშშ-ის სამთავრობო ბიუჯეტის კრიზისით, დოლარის მიმართ ნდობის შემცირებით და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციით არის განპირობებული.

ფასისი მოსალოდნელია მომავალ თვეებშიც. საინვესტიციო ბანკმა "გოლდმან საქსმა" 2026 წლის დეკემბრისთვის ოქროს ფასის პროგნოზი 1 უნციაზე 4300 დოლარიდან 4900 დოლარამდე გაზარდა, რის მიზეზადაც ცენტრალური ბანკების მიერ პოტენციური შესყიდვები სახელდება.

ძვირფასი ლითონის მეტად გაძვირებას პროგნოზირებენ ქართველი სპეციალისტებიც. მიზეზებზე ისაუბრა ფინანსისტმა, საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა შენგელიამ და აღნიშნა, რომ 1 უნციის ღირებულება ალბათ 5 000 დოლარამდე გაიზრდება. 

"მოვლენები ცოტა შორიდან შევაფასოთ და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბრიდან გვქონდა პროგნოზი, რომ 4-5 წელიწადში ოქროს ღირებულება 3500 დოლარს გასცდებოდა. სამწუხაროდ, პროგნოზი ახდა და მიმდინარე პერიოდში ოქროს ფასმა 4000 დოლარს გადააჭარბა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბირჟაზე შიშის ფაქტორი ძალიან მძლავრია. ასევე, გეოპოლიტიკური სიტუაცია დაძაბულია და ინვესტორები ენდობიან მხოლოდ ოქროს. მისი ნაწილობრივი ფუნქცია შეითავსა ბიტკიონმა და ისიც ძალიან გაძვირებულია, 125 ათასი დოლარის ფარგლებშია. 

ასეთი მოცემულობა გაგრძელდება იქამდე, სანამ მსოფლიოში არ დარეგულირდება სიტუაცია. რა თქმა უნდა, იმოქმედა იმანაც, რომ "ოპეკი პლუსის" წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს ნავთობის მიწოდების გაზრდის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ნავთობი გაიაფდება, რაც ზეწოლის მექანიზმია რუსეთის ფედერაციაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ღრმა ფაზაში შევიდა კოალიციის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ოქროს ღირებულება მალე 4800 დოლარამდეც ავიდეს და შეგახსენებთ, ჩვენ გვქონდა პროგნოზი, რომ მისი ფასი 5 000 დოლარამდე აიწევდა”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ. 

ოქროს გაძვირებას მოელიან უშუალოდ დარგის სპეციალისტებიც. როგორც ექსპერტმა ნოდარ ფოფორაძემ განაცხადა, სანამ მსოფლიოს უმსხილესი ბანკები არ შეავსებენ თავიანთ რეზერვებს, მუდმივად იქნება ასეთი მოცემულობა.

"ფასი იმდენად სწრაფად იცვლება, რომ მოვლენებთან მიყოლა რთულია და პროგნოზს ვერც კი ვაკეთებთ. გაძვირების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები, უმეტეს შემთხვევაში, ოქროს იმარაგებენ, დოლარის ნაცვლად. ოქრო უფრო სტაბილური და მდგრადი საინვესტიციო მასალაა, ვიდრე დოლარი და სხვა ერთეულები. სანამ მსოფლიოს უმსხვილესი ბანკები არ შეავსებენ თავიანთ რეზერვებს, ასეთი მოცემულობა იქნება. 

ზემოთ ხსენებული ფაქტორი არის სიძვირის ძირითადი მიზეზი, თუმცა არსესობს მეორე და მესამე ხარისხოვანი მომენტებიც, რაც, მაგალითად, გამოიხატება იმაში, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად იძენს ოქროს”, - განუცხადა "რეზონანსს” ნოდარ ფოფორაძემ. 

ოქრო ძვირდება საქართველოშიც. დღეისათვის, ყველაზე მეტად გაძვირებულია 999-სინჯიანი ე.წ. ბაჯაღლო. თუ ორიოდე კვირის წინ 1 გრამის ფასი 300 ლარს შეადგენდა, დღეს მისი შეძენა 330-დან 350 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება 585-სინჯიან ოქროს, მისი ღირებულება კვლავ 230 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ძვირფასი ლითონების წამყვანი ექსპერტი ხათუნა გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ბაჯაღლო ოქროს ფასი 400 ლარამდე გაიზრდება. 

"ლონდონის ბირჟაზე უნცია ოქროს ღირებულებამ 4000 დოლარს გადააჭარბა. მე ყოველდღიურად ვიგებ ინფორმაციას და ამერიკაში სუფთა ოქრო 16 დოლარით კიდევ უფრო ძვირია. მაქვს პროგნოზი, რომ ღირებულება კიდევ მოიმატებს. საერთოდ, ოქრო ყველაზე კარგი კაპიტალდაბანდებაა. ყველაზე დიდი მყიდველი იყო ჩინეთი და ინდოეთი და ახლა არის გერმანია. 

რაც შეეხება საქართველოს, მაქვს პროგნოზი, რომ 1 გრამი სუფთა ოქრო 400 ლარზე ავა, რადგან ფასი ყოველდღიურად იმატებს ხან 3 ლარით, ხან 5 ლარით, ხან 6 ლარით და ხანაც 8 ლარითაც კი. ორი დღის წინ დოლარის კურსმა ცოტა დაიკლო, მაგრამ ოქრო მაინც გაძვირდა, დოლარს რომ არ დაეკლო, სხვაობა უფრო დიდი იქნებოდა”, - განუცხადა "რეზონანსს” ხათუნა გაჩეჩილაძემ. 

მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასის ზრდა თბილისის "ოქროს ბირჟაზე" უკვე აისახა. როგორც ოქროს ბირჟაზე დასაქმებულებმა თქვეს, ერთ დღეში ერთი გრამი გასაყიდი ოქროს ფასმა უკვე 3 ლარით მოიმატა.

"585 სინჯის "იტალიური ოქროს" გასაყიდი ფასი დღეს უკვე 211 ლარია, გუშინ 208 იყო. 750 სინჯის ოქროს ღირებულება 270 ლარი გახდა, 999 სინჯის ოქრო, ე.წ `ბაჯაღლოს" ფასი კი - 360 ლარი. ბოლო 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით 50%-ით არის ოქრო გაძვირებული. აქამდე 20 დღეში ერთხელ მატულობდა და ბოლო პერიოდია, ყოველ დღე იზრდება. ეს მსოფლიოში არსებულ არასტაბილურ მდგომარეობასთანაა კავშირში", - განაცხადეს ოქროს ბირჟაზე `ბიზნესპრესნიუსთან”.

„ოქროს ბირჟის" ოქროს ექსპერტ-შემფასებელი ამბობს, რომ შესაძლოა, რაღაც პერიოდის შემდეგ ფასმა მცირედით დაიკლოს, თუმცა ოქროს ღირებულება ძველ ნიშნულს ვერ დაუბრუნდება.

"1-2 ლარით თითქმის ყოველდღე იმატებს. ბოლო 1 თვეში 25-30%-ით არის გაზრდილი. მოლოდინია, რომ კიდევ მოიმატებს ოქროს ფასი. არის პროგნოზი, რომ 300 ლარი უნდა გახდეს ჯართის ფასი, 205 ლარი ღირს დღესდღეობით. რაღაც პერიოდში გაჩერდება, წამოვა უკან ოქროს ფასი, მაგრამ ის ღირებულება, რაც იყო, არ დაბრუნდება. 32 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ჩემი შეხედულება ასეთია", - აცხადებს ერთ-ერთი ექსპერტ-შემფასებელი.

"ოქროს ბირჟაძე” გამყიდველები ამბობენ, რომ ცვლილებები არის, მაგრამ კლიენტების ნაკლებობას არ განიციან, რადგან ახლა შემოდგომაა, ქორწილების პერიოდია და ყველას სჭირდება ოქრო. 

ცნობისთვის, ოქროსთან ერთად ძვირდება ვერცხლიც. გუშინ ერთი უნცია 48.46 დოლარი ღირდა, ეს კი დღიურად 1.42%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, წლიურად კი ვერცხლი 56.69%-ით არის გაძვირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×