
რუსეთის ხელისუფლება ისე დასავლეთთან ესკალაციაზე და ბირთვულ საფრთხეზე ალაპარაკდა. ვიათარების გამწვავება ამჯერად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას მოჰყვა უკრაინისთვის „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ. ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის და ბოლო წლების პრაქტიკიდან გამომდინარე, კრემლის ამ მუქარის უკან რეალურად არაფერი დგას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „ტომაჰავკის" ტიპის იარაღის გადაცემა სერიოზული ესკალაცია იქნება.
„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საქმე რაკეტებს ეხება. საუბარია რაკეტებზე, რომლებსაც, შესაძლოა, ბირთვული შესაძლებლობები ჰქონდეთ. ამიტომ, ეს მართლაც სერიოზული ესკალაცია იქნება", - განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების მიწოდება „თითქმის გადაწყვეტილი" აქვს.
„ვფიქრობ, მსურს გავიგო, რას გააკეთებენ. სად გაგზავნიან მათ? ალბათ, ეს კითხვა უნდა დავსვა. რამდენიმე კითხვას დავსვამდი. ომის ესკალაციას არ ვაპირებ", - აღნიშნა ტრამპმა.
„ტომაჰავკი" დიდი რადიუსის მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც ძირითადად მიწაზე ან ზღვაზე სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება. იგი შექმნილია ისე, რომ დაბალ სიმაღლეზე, რადარებისგან დამალულად იფრინოს. ამავდროულად, ტომაჰავკი არის „ჭკვიანი" რაკეტა, რომელსაც შეუძლია ათასობით კილომეტრიდან ზუსტად მოარტყას კონკრეტულ სამიზნეს.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ კაპანაძის მიიჩნევს, რუსეთის მუქარა ამჯერადაც ფუჭია და უკრაინისთვის „ტომაჰავკების" გადაცემას ის ვერაფერს დაუპირისპირებს.
„გადახედეთ მათ გამონათქვამებს უკრაინისთვის ნებისმიერი იარაღის მიწოდების შემდეგ, ჯერ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები მიაწოდეს და ესკალაციაზე დაიწყეს ლაპარაკი, რომ ამას და იმას იზამდნენ. მერე „ჰაირმარსები" მისცეს და ისევ მუქარები წავიდა და ა.შ. თუმცა რა ქნეს? ვერაფერი. ან ამაზე მეტი რაღა უნდა გააკეთონ, რასაც შვებიან?! რისი ამერიკელების დამრტყმელები არიან? ერთი ხაშურისხელა დასახლება ვერ აუღიათ, კარგით რა...", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".