რეზონანსი
08.10.2025

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესაძლებლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებთანაც ევროკავშირს უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება აქვს, საქართველოსთვის ამ რეჟიმის შეჩერება საქართველოს დასჯის კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება.

„ევროკავშირს დაახლოებით 61-მდე სახელმწიფოსთან აქვს უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება დადებული. მათ შორის არის კოლუმბია, ბურკინა-ფასო, ფარერების კუნძული და ასე შემდეგ. თუ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ამ სახელმწიფოებს შორის საქართველოსთან რაღაც მოგონილი მიზეზით დროებით შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა, ეს იქნება კიდევ მორიგი ლუსტრაცია, რომ ჩვენ გვსჯიან იმისთვის, რომ არ დავთმეთ სუვერენიტეტი, ქართული ღირებულებები, მეორე ფრონტი არ გავხსენით.

ევროკომისიას აქვს თავისი დასკვნები, სადაც საქართველო კარგი მმართველობით გამორჩეულია და ნატოს 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ. ეკონომიკური ზრდით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. კანონის უზენაესობით ევროკავშირის 11 სახელმწიფოს ვუსწრებთ. ეს რეიტინგები თვითონ დადეს, ჩვენ ხომ არ ჩაგვიტარებია? ლიდერები ვართ, კანდიდატ სახელმწიფოებს შორის პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობით, კორუფციასთან ბრძოლით.

როგორ - ამის შემდეგ მაინც ჩვენ უნდა შეგვიწყვიტონ? დროებით, მაგრამ მაინც? ეს იქნება კიდევ მორიგი ლუსტრაცია ჩვენი ქვეყნის დამუნათების, შანტაჟის და მუქარის ასრულების“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკითხის გადაწყვეტის მოლოდინთან დაკავშირებით კი ზარქუა იმედოვნებს, რომ სიმართლე და ობიექტურობა გაიმარჯვებს.

„ჩვენ ეს მუქარები არაერთი მოგვისმენია და მე მაინც მგონია, რომ ევროპარლამენტსა და ევროკომისიაში არის სახელმწიფოები, რომლებიც კითხვას სვამენ, „რატომ ვსჯით ამ სახელმწიფოს?“ მგონია, რომ სიმართლე და ობიექტურობა გაიმარჯვებს და გარკვეულ, ანგაჟირებულ სახელმწიფოს ხელმძღვანელებს, ბიუროკრატებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დასჯის შესაძლებლობა არ მიეცემათ. მე ეს მოლოდინი მაქვს“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×