
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა გასული წლების მსგავსად, წელსაც გრძელდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვთ, რათა შეძლონ მოსავლის დაბინავება. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა 14 ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ 8 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. ფერმერებმა დაახლოებით 2 მილიონ ლარის შემოსავალი მიიღეს.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 9 სექტემბერს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება.
უფრო ვრცლად, თუ როგორ მიმდინარეობს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი, რა მდგომარეობაა რეგიონებში და როგორია სახელმწიფოს მხარდაჭერა დარგისადმი, ,,რეზონანსთან" ვრცლად სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა შორენა ღვაჩლიანმა ისაუბრა.
მან არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია, ხელი შეეწყოს დარგის განვითარებას, რაშიც მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტი - როგორც პირველადი წარმოება, ასევე გადამამუშავებელი სექტორი.
,,აგროსექტორში სახელმწიფოს თანადაფინანსების პროგრამები ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, გაზარდოს წარმოება. ამ დროისთვის არასტანდარტული ვაშლის სუბსიდიის პროგრამაში 14 ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული, რომლებმაც 8000 ტონაზე მეტი ვაშლი უკვე ჩაიბარეს. აქედან ფერმერებმა 2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს. რაც შეეხება პროგრამაში ჩართულ ხილის გადამამუშავებელ საწარმოებს, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამმუშავებელი 14 საწარმო იბარებს, მათ შორის, შიდა ქართლის რეგიონში 7 საწარმო, სამცხე-ჯავახეთში - 2, ხოლო ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთისა და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში არასტანდარტულ ვაშლს თითო საწარმო იბარებს.
„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა.
საკოორდინაციო შტაბში ჩართულია სოფლის განვითარების სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები, რათა მაქსიმალურად კოორდინირებულად იქნეს პროცესი წარმართული და თითოეულმა ფერმერმა შეძლოს სრულად დააბინაოს მოსავალი.
აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ფერმერთა საჭიროებებზეა მორგებული. მხოლოდ საგრანტო პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში ათეულობით სამაცივრე მეურნეობა შეიქმნა. ეს, თავის მხრივ, მიმართულია ექსპორტის ხელშეწყობაზე, ბევრი საწარმო გადაიარაღდა და წარმოება გაზარდა. ბოლო წლების განმავლობაში მზარდია მოთხოვნა ქართულ აგრო სასურსათო პროდუქციაზე. რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ფერმერებისთვის, ასევე აგრო ბიზნესში ჩართული პირებისთვის რათა მათ გაზარდოთ შემოსავლები -განაცხადა შორენა ღვაჩლიანმა.
„შიდა ქართლ რეგიონისათვის ვაშლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურაა. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები ვაშლის ღირებულებათა ჯაჭვის თითოეულ კომპონენტში ეხმარება ფერმერებს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სექტორში ჩართული ფერმერებისა და აგრო ბიზნესის მხარდაჭერა. დარგის განვითარების მიზნით არაერთი პროგრამა ხორციელდება“ - აღნიშნა შორენა ღვაჩლიანმა სოფლის განვითრების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების შესახებ საუბრისას.
პროგრამაში ჩართული ხილის გადამამუშავებელი საწარმოები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ მოსავლის დაბინავების პროცესში აქტიურად იქნებიან ჩართულნი.
შპს ,,ბიოჯუსი" ერთ-ერთი საწარმოა, რომელიც არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვარხითში მდებარეობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა უშანგი აიწურაძემ ,,რეზონანსს“ განუცხადა, მზადაა 7 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბაროს.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი სეზონი წარმატებული იყოს და არც ერთი ფერმერი არ დაზარალდეს. ამის პირობას ვაძლევთ გლეხებს. შარშან 50 000 ტონა იყო ნაქარი ვაშლი, წელსაც ალბათ დაახლოებით ამდენივე იქნება, რაც საერთო მოსავლის დაახლოებით 10-15 პროცენტია. ჩვენი გუნდი მობილიზებულია და წარმატებით თანამშრომლობს ყველა მხარესთან, რომელიც ამ პროცესშია ჩართული.
ფერმერებს აქამდეც შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით მოსავლის რეალიზაციაში. ახლა კი, როდესაც ჩართულია მთავრობა და სპეციალური პროგრამა მუშაობს, კომუნიკაციაც უფრო გამარტივებულია. ძალიან კარგი საქმე კეთდება, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ფერმერებს საგრძნობი დანაკარგი ექნებოდათ და ქარხნებსაც გაგვიჭირდებოდა", - აღნიშნა უშანგი აიწურაძემ "რეზონანსთან" საუბრისას.
სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას ფერმერებიც და აცხადებენ, რომ მეტი მოტივაცია მიეცათ, გაზარდონ მოსავლიანობა და პროდუქცია უდანაკარგოდ გაყიდონ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მცხოვრები დავით სიმონიშვილი მრავალი წელია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული. როგორც თავად განაცხადა, მეხილეობის განვითარება 2020 წელს ნულიდან დაიწყო, რისთვისაც მოტივაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები იყო და საკუთარი შესაძლებლობები თითქმის ყველგან მოსინჯა.
,,დღეს სოფლის მეურნეობის დარგში ისეთი სახელმწიფო პროგრამებია შექმნილი, რომლებიც ფერმერებს იდეების განხორციელების საშუალებას მაქსიმალურად აძლევს. რომ არა სოფლის განვითარების სააგენტო, დამოუკიდებლად ვერაფერს გავხდებოდი. ფაქტობრივად, ნულიდან დავიწყე და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეხილეობაში საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე. მთელ რესურსს მოსავლის მოვლა-პატრონობაში ვდებთ, ვცდილობთ ნაქარი ვაშლის რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ. სულ 250 ტონა ვაშლის მოსავალი მაქვს და აქედან არასტანდარტულის წილი 10 ტონას არ აჭარბებს. ჩაბარების პრობლემა შარშან არ შემქმნია, რადგან სუბსიდირებული იყო. წელსაც ანალოგიურადაა, რაც ხარჯის კომპენსირების შესაძლებლობას მაძლევს", - უთხრა დავით სიმონიშვილმა ,,რეზონანსს".
კიდევ ერთი ფერმერი, რომელმაც არასტანდარული ვაშლის ჩაბარება შეძლო, გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი თამაზ ზუმბულიძეა. ფერმერის თქმით, მოსავლის რაოდენობა წელს 45 ტონამდეა, აქედან დაახლოებით 12 ტონა ნაქარი ვაშლია, რომლის ნახევარიც უკვე გაყიდა.
,,ამინდი ხელსაყრელი არ არის და ცოტათი გაგვირთულდა მოსავლის აღება, თუმცა თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ. საერთო მოსავლიანობიდან გამომდინარე, არასტანდარტული ვაშლის მოცულობა საკმაოდ ბევრია, თუმცა სახელმწიფო გვერდში გვიდგას და იმედიანად ვართ. ნახევარი უკვე ჩავაბარე. ზოგი მავნებლის გაფუჭებულია, ზოგს ნასეტყვი ეტყობა, მთავარია, დანაკარგი არ გვექნება. სპეციალური პუნქტები გახსნილია და შეგვიძლია ჩავაბაროთ.
რაც შეეხება ჩემს მეურნეობას, ხეხილი 9 ჰექტარზეა გაშენებული, მაქვს ასევე სამაცივრე მეურნეობა და შემიძლია, ხილი ნებისმიერ სეზონზე წარმატებით გავყიდო. რასაც მივაღწიე, ყველაფერი სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მხარდაჭერითაა. შეუძლებელია, ამისთვის დამოუკიდებლად მიმეღწია, რადგან ფინანსურად არ მქონდა საკმარისი რესურსი და არც გამოცდილება, რაც საჭირო იყო, ყველა ეტაპი გავიარე და წელში გავიმართე.
სამომავლოდ წარმოების გაფართოებას და ექსპორტზე გასვლას ვგეგმავ, რაშიც ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი მაქვს. ფეხზე დადგა მოსახლეობა, ვისაც შრომა არ ეზარება, შედეგზეა ორიენტირებული და იცის, რომ დასახულ მიზანს მიაღწევს. ეს ფერმერების მოტივაციას ზრდის", - აღნიშნა თამაზ ზუმბულიძემ ჩვენთან საუბრისას.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია, სრულად მოხდეს მოსავლის რეალიზაცია და ფერმერებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. თავის მხრივ, საწარმოებმა გაზარდონ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და მყარად მოიკიდონ ფეხი სტრატეგიულ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირში.
ცნობისთვის, არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე 2024 წელს სახელმწიფომ 4,5 მლნ დახარჯა. პროგრამის ფარგლებში კომპანიებმა ჩაიბარეს 45 976 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, შედეგად ფერმერებმა 12.4 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.