
ევროკავშირს ძალიან აღიზიანებს ქართველი ხალხი, მისი არჩევანი, ბრძოლა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის, მაგრამ ამ ფონზეც არა მგონია, რომ არაპრაგმატული ნაბიჯი გადადგან და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით ქართველი ხალხის დასჯა სცადონ - თუ ევროკავშირის დამოკიდებულება პრაგმატული იქნება, 2030 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით! - ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ ევროკავშირმა დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა უკვე გაავრცელა და თუ გააფართოებენ, „ეს ყველაფერი საერთოდ არ აინტერესებს".
„ევროპული ბიუროკრატია, პირველ რიგში, გაბრაზებულია ქართველ ხალხზე, მაგრამ არა მგონია, ასეთი სისულელე გააკეთონ და ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური არჩევანის გამო დასაჯონ. იმის მიუხედავად, რომ ბევრი არაპრაგმატული ნაბიჯი გადაუდგამთ, მგონია, რომ ასეთ არაპრაგმატულ ნაბიჯს არ გადადგამენ!
ჩვენ ევროინტეგრაციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მათ შორის არის ასოცირების შეთანხმების შესრულება, რეფორმების გატარება. საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა მიმართულებით ნომერ პირველი ქვეყანაა. ნახეთ, ნებისმიერი ობიექტური ინდექსი, მათ შორის ევროკომისიის შეფასებები - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ბიზნესის თავისუფლება და ასე შემდეგ. ყველა ამ მიმართულებით საქართველო არის პირველ ადგილზე. დანარჩენი ვნახოთ, თუ რამდენად პრაგმატული იქნება ევროკავშირის დამოკიდებულება. თუ ევროკავშირის დამოკიდებულება პრაგმატული იქნება, 2030 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით.
მათ დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა უკვე გაავრცელეს და თუ გააფართოებენ, ეს ყველაფერი საერთოდ არ გვაინტერესებს. ჩვენ თავისუფლებისთვის ვიბრძვით და როცა თავისუფლებისთვის იბრძვი, ვიზის რიგში ჩადგომა მეათეხარისხოვანი საქმეა. ეს არ მაინტერესებს და არანაირი მოლოდინი არა მაქვს. ხელისუფლებაში არა გვაქვს ინტერესი და არც მოლოდინები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც ამარტივებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლების გაუქმებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც უსაფრთხოებისთვის რისკებს წარმოადგენენ ან ადამიანის უფლებებს არღვევენ.
ვიზების შეჩერების მექანიზმის რეფორმა ეხება 61 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, რომელთა მოქალაქეებს შეუძლიათ შენგენის ზონაში უვიზო მოგზაურობა 90 დღემდე მოკლევადიანი ვიზიტით, 180-დღიანი პერიოდის განმავლობაში.