
დღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი - თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის "ნარატივზე" არიან დამოკიდებული. ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას - ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი “მოძველებული ცნებებია”, - „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში, პროფესორ, მარინე ჩიტაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გადაცემაში „ახალი ფორმულა“ 4 ოქტომბრის მოვლენები შეაფასა.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ეს უკვე საგანმანათლებლო ომია, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.
„იდეოლოგიური პედაგოგიკა
დღეს განათლების სისტემაში ჩუმად მიმდინარეობს ყველაზე სახიფათო პროცესი - თაობის შეგნებული გადაპროგრამება იმ პედაგოგებისა და ლექტორების ხელით, რომლებიც უცხოელი დონორების დაფინანსებაზე და ლიბერალური იდეოლოგიის "ნარატივზე" არიან დამოკიდებული.
ეს ადამიანები უკვე დიდი ხანია აღარ ასწავლიან ცოდნას - ისინი ავრცელებენ აზროვნების ერთგვარ შაბლონს, სადაც სამშობლო, სარწმუნოება და ოჯახი “მოძველებული ცნებებია”.
სწორედ მათ აუდიტორიებში იძენენ ახალგაზრდები იმ მრწამსს, რომ არაფერს აქვს მყარი საფუძველი — არც სქესს, არც ეროვნებას, არც მორალს.
მთავარი აღარ არის სწავლა და განვითარება, არამედ ცნობიერების გარდაქმნა - როგორ დაიჯეროს ახალგაზრდამ, რომ მის გარშემო ყველაფერი შემთხვევითია და მის მშობელსაც აღარ აქვს უფლება უთხრას რა არის სწორი და რა - არა.
სწორედ ასე ხდება ყველაზე მტკივნეული რამ - მშობლისა და შვილის დაპირისპირება.
ბავშვს ასწავლიან, რომ ოჯახური ავტორიტეტი “ძველი დროის ჩვევაა", რომ მშობელს “არ ესმის თანამედროვე სამყაროსი” და რომ მისი შეხედულებები “არაპროგრესულია”.
ასე იშლება თაობათა ბუნებრივი კავშირი - და როცა შვილი აღარ უსმენს მშობელს, აღარ ენდობა მასწავლებელს და აღარ სცემს პატივს საზოგადო ავტორიტეტს, იწყება საზოგადოების დაშლა ფესვებიდან.
ბევრი ასეთი ლექტორი დღეს უფრო აქტივისტია, ვიდრე მეცნიერი.
ისინი არ აღზრდიან მოაზროვნე ახალგაზრდას, არამედ ქმნიან იდეოლოგიურად მორჩილ მასას, რომელსაც აღარ სჯერა არც საკუთარი ოჯახის, არც ქვეყნის, არც რწმენის.
ეს უკვე საგანმანათლებლო ომია - ომი, სადაც მტერი პედაგოგის სახელით შედის საკლასო ოთახში და სწორედ ამიტომ, თუ გვინდა დავიცვათ მომავალი, უნდა დავიცვათ განათლება და ოჯახი იმ იდეოლოგიური მანიპულაციისგან, რომელიც ცდილობს თაობის გონებასა და გულს შორის კავშირის გაწყვეტას.
ნამდვილი პედაგოგიკა უნდა აყალიბებდეს ადამიანს - ისეთ ადამიანს, რომელსაც რწმენა, პასუხისმგებლობა და მორალური კრიტერიუმები მკაფიოდ აქვს განსაზღვრული და ნებისმიერი იდეოლოგიური მანიპულაცია, შეუვალია მის მიმართ!
P.S. ასე რომ, ნუ გიკვირთ ასეთი პედაგოგების და შესაბამისად - ასეთების აღზრდილი "ვანდალების", რომელთაც არაერთხელ გადაწვეს რუსთაველის გამზირი.
ისინი ხომ იმ ლიბერალურ პროგრამას წარმოადგენენ, 30 წლის წინ რომ დაიწყო ჩვენთან და დღემდე გრძელდება ექსპერიმენტების სახით?!
გამოსავალი ერთია - განათლების სისტემის აბსოლუტური გარდაქმნა!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.