
საქართველოში აკრედიტებული ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში საკუთარი სურვილით არ მისულან. დიპლომატები საგარეო უწყებაში მიიწვიეს იმისთვის, რომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდებინათ. საუბარი შეეხო როგორც არჩევნებს, ისე საპროტესტო აქციას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები, რაც მათი მხრიდან ადეკვატურ შეფასებას საჭიროებს.
უწყების დატოვების შემდეგ კომენტარი მხოლოდ პაველ ჰერჩინკსიმ გააკეთა. ევროკავშირის ელჩმა მედიასთან ახალი არაფერი თქვა და ისევ ძველ განცხადებაზე მიუთითა. საუბარია კაია კალასისა და მარტა კოსის ერთობლივ წერილზე, რომელშიც ისინი წერდნენ, რომ არჩევნები განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა.
ევროკავშირის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებას პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ გუშინ "ღამის კურიერში" გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ ამ საკითხზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. მიუთითა ევროპელი მაღალჩინოსნების ორმაგ სტანდარტსა და არამეგობრულ დამოკიდებულებაზე, მათ შორის დამხობის აქციის გაცხადებულ მხარდაჭერაზეც, თუმცა იქვე განმარტა, რომ მთავრობა საგარეო პოლიტიკას პრაგმატულად მიჰყვება და ევროპასთან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას გამოთქვამს.
რატომ რჩება ხელისუფლება ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მათთან, ვინც საქართველოს მიმართ არამეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა - ამაზე დღეს უკვე უმრავლესობის ლიდერმაც ისაუბრა. ბრიფინგზე თქვა, რომ დიპლომატების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში უკრაინის ომიდან დაწყებული დღემდე საზოგადოების ობიექტურ ვნებათაღელვას იწვევს, თუმცა მოთხოვნას, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებით, "ქართული ოცნება" არ შეასრულებს.
მმართველი გუნდის განცხადებით, სახელმწიფოთა შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, ხელისუფლება თავის მხრივ ეცდება აღადგინოს პარტნიორობა კონკრეტულ ქვეყნებთან, რასაც, მათივე თქმით, ხელი უნდა შეუწყოს უკრაინაში ომის დასრულებამაც.