უშუალოდ არჩენების წინ სებ-მა მოახერხა 224 მლნ დოლარის შეძენა და დარჩენილ 3 თვეში კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება
გვანცა წულაია
07.10.2025

საქართველოში სავალუტო რეზერვების შევსება გრძელდება და მისმა მოცულობამ 5.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეროვნულმა ბანკმა რეზერვების შევსება წინასაარჩევნო პერიოდშიც მოახერხა, არადა მოლოდინი განსხვავებული იყო. საინტერესოა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესი და ხომ არ არის მოსალოდნელი სავალუტო რეზერვების მოცულობამ წლის ბოლოსთვის 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს? 

2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 224.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 5.4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, ხოლო აგვისტოში 199.6 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წმინდა შესყიდვებმა 1,5 მლრდ შეადგინა. წმინდა შესყიდვების სექტემბრის სტატისტიკა კი 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება. 

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - სექტემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია. 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.2%-ს (877.8 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 377.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნებს", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასეთი მოცემულობიდან გამომდინარე, საბანკო სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ წლევანდელი წელი არის საუკეთესო, საერთაშორისო რეზერვების შევსების თვალსაზრისით. ექსპერტი გოჩა თუთბერიძე მიიჩნევს, რომ ეს მიმართულება საქართველოს საკრედიტო რეიტინგს საგრძნობლად აუმჯობესებს. 

"ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეავსო სავალუტო რეზერვი. სავალუტო შემოდინება ძლიერია, ამ შემთხვევაში იგულისხმება ტრანსფერები, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები აგზავნიან უცხოეთიდან, ასევე ტურისული ნაკადი. ძირითადად ეს არის წყარო, რომლითაც ხდება სავალუტო რეზერვის შევსება. სხვა დანარჩენი წყარო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ა.შ, პარქტიკულად, შეჩერებულია და ძალიან სუსტად არის მიმდინარე ეტაპზე. 

მომავალის ტენდენცია როგორი იქნება, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია, რადგან ტურისტული სეზონი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ტრანსფერები ჩვეულებრივ რჩება და არაფერი შეიცვლება. სამწუხაროდ, ამ მიმართულების ზრდა ხშირად უკავშირდება არა იმას, რომ ქართველებს უცხოეთში მეტ ფულს უხდიან, არამედ იმას, რომ მეტი ქართველი გაედის ქვეყნიდან. ამას ბოლომდე დადებით მოვლენად ვერ განვიხილავთ, თუმცა ფაქტია, რომ ამის ხარჯზე შესაძლებელია რეზერვების შევსება და ლარის გამყარების მხარდაჭერა. თუ ამას დაემატება რაიმე დიდი პროექტი, მაგალითად, ანაკლიის პორტი ან სხვა რომელიმე მძლავრი პროექტი განხორციელდება, თავისთავად ცხადია, რომ ეროვნულ ბანკს უცხოური ვალუტის შესყიდვის უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება. 

სავალუტო რეზერვები, ერთი მხრივ, შემოსავალიც არის და გარდა ამისა, ეს მიმართულება აუმჯობესებს საქართველოს საკრედიტო რეიტინგს, რაც შემდეგ საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, როდესაც დასჭირდება, გაცილებით უფრო იაფად მოიზიდოს სესხები და მას გამოიყენებს ქვეყნის განვითარებისათვის. 

ნამდვილად შეიძლება, რომ 2025 წელი საუკეთესო პერიოდად ჩაითვალოს, რადგან ერთ წელიწადში რეზერვების ასეთი მასშტაბური ზრდა, ადრინდელ პერიოდში, არც მახსოვს, არ მომხდარა. ვნახოთ, მომავალი როგორი იქნება, თუმცა მიმდინარე წელი, ცხადია, ამ კუთხით გამორჩეულია”, - განუცხადა "რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ. 

საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ ბაზარი აბსოლუტურად სტაბილურია და სებ-ს უცხოური ვალუტის შესყიდვის საშუალება ჰქონდა.

"მიმდინარე წელს სერიოზულ სავალუტო რყევას ადგილი არ ჰქონია, იყო მცირეოდენი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითი მოვლენა გახლდათ და ძირითადად, სავალუტო ბაზარი სტაბილურობით გამოირჩეოდა. ეს განპირობებული იყო ეკონომოკური მდგომარებით და იმითაც, რომ საფინანსო ბაზარს რაიმე საშიშიროება არ ჰქონია, რაც აისახა კიდევ სავალუტო მდგრადობაზე. 

წლის ბოლომდე რაიმე სერიოზულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუმცა რთულია იმის თქმა, რა მოხდება საშუალო და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სტაბილურია და არ არსებობს შეშფოთების საფუძველი. 

გამომდინარე იქიდან, რომ სავალუტო ბაზარზე დადებითი დინამიკაა, ცენტრალურ ბანკს სავალუტო რეზერვების შესყიდვის საშუალება ჰქონდა. ეს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ფინანსურ სისტემას და ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ იგი წარმატებული იქნება”, - განუცხადა "რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×