
„ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს.
„შემიძლია, დაგამშვიდოთ, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკის გამო არ შეგიწყდებათ უვიზო მიმოსვლა. „ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებით მივიღეთ ჩვენ უვიზო მიმოსვლა. უვიზო მიმოსვლას არაფერი აქვს გადასარჩენი, თუკი იქნება სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. საქართველო ყოველთვის ძალიან კარგად ასრულებდა იმ ვალდებულებებს, რაც უკავშირდება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ასოცირების შეთანხმებას და თუკი ვინმეს შეიძლება, ეჭვები ჰქონდეს იმაზე, ვინ არ ითვალისწინებს და არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ეს სხვა მხარეს არის.
არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ეს არის ინსტრუმენტალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობების, ეს არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის გამოყენების მცდელობა. სხვა მიზეზი და საფუძველი არ არსებობს, რომ ამასთან მიმართებაში იყოს საქართველოზე საუბარი", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.