რეზონანსი
07.10.2025

ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია, ვიდრე რუსეთში. ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ თვალსაზრისით პატრონსაც კი გაასწრო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „თუ რამით სულდგმულობს ივანიშვილი, საზოგადოებაში ნიჰილიზმი და უიმედობის დათესვაა, რომელსაც ხელს უწყობს ოპოზიციურ დემოკრატიულ ძალებს შორის ურთიერთბრალდებები და დაპირისპირება.

„უნდა გავძლიერდეთ, ვკონსოლიდირდეთ და ყველაფერი გაკვეთილად უნდა მივიღოთ, საკუთარი თუ სხვისი შეცდომები, იმისათვის, რომ წინ წავიდეთ, მეტი ერთიანობით, მეტი პასუხისმგებლობით, მეტი ორგანიზებულობით, მეტი კოორდინაციით. ივანიშვილის მთავარი იმედი იყო და არის საზოგადოებაში ნიჰილიზმის დანერგვა და ამისთვის ოპოზიციაში შიდა დაპირისპირების გაღვივება საუკეთესო გზაა. ამიტომ ჩვენ, დიდი სიფრთხილით და სიბრძნით უნდა ვიმოქმედოთ, რომ არცერთმა ჩვენა სიტყვამ, ივანიშვილის წისქვილზე წყალი არ დაასხას.

იმედი მაქვს, რომ დაკავებულები მხოლოდ მინიშნებებით არ შემოიფარგლებიან, რადგან, როდესაც რუსეთს და „ეფ-ეს-ბეს" ებრძვი, ნახევარი სიმართლით ვერ დაამარცხებ. აუცილებელია სიმართლე პოლიტიკაში, გამარჯვებისთვის. იმედი მაქვს, ბევრს მოვისმენთ სუს-ის ჩარევასთან დაკავშირებით.

ასევე, ვინმეს თუ ჩემი კონკრეტული ლოკაციები აინტერესებს, შეგიძლიათ მიმართოთ მამუკა მდინარაძეს, რომელიც საკუთარ თავს სუს-ის უფროსს ეძახის და სინამდვილეში ჟურნალისტებთან თათბირებს ატარებს, [ამ ტელევიზიის ჟურნალისტს მინდა ვუთხრა], ის მოგცემთ ლოკაციებს, სად და როგორ ვიყავი 4 ოქტომბერს. ვიყავი აქციაზე 3 წლის ტყუპებთან ერთად, შემდეგ სახლში წავიყვანე და მოვბრუნდი იქ, სადაც ქართველი ხალხი იდგა. „ტრუსკავეცა" მდინარაძისგან განსხვავებით მე, სანამ ამ ბრძოლაში ვარ და საჭირო იქნება, ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც სიმართლე და ქართველი ხალხია", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია პროპაგანდისტების სანქცირება მოხდეს, რომ რეჟიმის დემონტაჟი დაიწყოს.

„ტელეკომპანია „იმედი", რომელიც რუსული რეჟიმის პროპაგანდისტია, ყველაზე მავნებლური ჭანჭიკია ამ რეპრესიული, მავნებლური მანქანის, რომელიც, იმედი მაქვს, რომ დასანქცირდება, რაზეც ვმუშაობთ. ასევე, ირაკლი რუხაძისა და სხვა პროპაგანდისტების სანქცირებაზე, რომ ეს ბოროტება ამ ქვეყანას ჩამოვაშოროთ, ეს კი მნიშვნელოვანი იქნება ამ რეჟიმის დემონტაჟისთვის. მაინტერესებს, გრძნობენ თუ არა „ტრუსკავეცა" მდინარაძე, კობახიძე და სხვები დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ახლა რუსულ პრაქტიკას იყენებს.

„ველოსიპედის თავიდან გამოგონება არ ხდება, ეს არის პუტინის მიერ აპრობირებული მეთოდი, როდესაც წლების წინ ჰილარი კლინტონს და სხვებს სდებდნენ ბრალს რუსეთში აქციების მოწყობაში. ეს პრაქტიკაა, რომელსაც ივანიშვილი იყენებს, ეს სცენარი „ეფ-ეს-ბე"-ში დაიწერა, რომ ვითომ ტაილანდის გავლით ფული ამერიკელებს შემოჰქონდათ, რომ ბიძინას დამხობა დაეფინანსებინათ, აბსურდი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×