ბიზნესი უფრო გამოცოცხლდება, მინიმუმ წელს და გაისად მაღალი ტემპი შენარჩუნდება
ირმა ჩიტაია
06.10.2025

არჩევნების შემდეგ საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარი გამოწვევა არსებული სტაბილურობის შენარჩუნებაა. პროტესტის გარკვეული ნიშნები დარჩა, თუმცა მას, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა არ შეუძლია. რისკები უკვე მინიმალურია და თითქმის სრულიად გაქარწყლებულია.

მოკლევადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკაში რაიმე სახის ნეგატიურ მოლოდინს საფუძველი არ გააჩნია. ახლა ამას დიდწილად ხელს უწყობს მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც, რომელიც აჩევნების შემდეგ კვლავ უშფოთველ რიტმს დაუბრუნდა.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, არსებულ სიტუაციაში, მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკური ზრდისკენ აღებული მიმართულება არსებითად არ შეიცვლება, თუმცა საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ინვესტიციები და დასავლეთთან არსებული დაძაბული ურთიერთობები.

,,ვფიქრობ, მოცემულ სიტუაციაში არსებული მიმართულება არ შეიცვლება. დარჩება ის ეკონომიკური ზრდა, რასაც მოველით და მოკლევადიან პერიოდში, რაიმე მოვლენები მასზე გავლენას ვერ მოახდენს. დასახული მიზანიც აუცილებლად იქნება მიღწეული. ვგულისხმობ 7-7,5%-იან ზრდას, რომელიც მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ ნავარაუდევი. 

რაც შეეხება გრძელვადიან პეროდს, თუ რაიმე იქნება შემაფერხებელი  ფაქტორები, შეიძლება ცვლილება განხორციელდეს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ამ გადასახედიდან მსგავსი არაფერი ჩანს. ახლა ძნელია საპროგნოზოდ, მაგრამ თუ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორები არ გამოჩნდა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის მაინც მიმაჩნია, რომ წელს და გაისად ტემპი შენარჩუნდება.

უნდა აღინიშოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ეკონომიკის მთავარი გამოწვევა დასავლეთთან ურთერთობაა. ქვეყნებს შორის ყველა საკითხი დალაგებული არ არის. ვგულისხომბ ევროკავშირთან არსებულ დაძაბულობას. ასევე, ჯერ კიდევ გაურკვეველია შეერთებული შტატების პოზიციაც, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურ გავლენას ახდენს ინვესტიციებზე. როგორც ჩანს, ეს საკითხი გარკვეული პერიოდის  განმავლობაში დარჩება პრობლემად და დღის წესრიგიდან არ მოიხსნება. ამას ჯერჯერობით ვუძლებთ. 

რაც მთავარი და აუცილებელია, ქვეყნის შიგნით არსებული მდგომარეობა უნდა იყოს სტაბილური. არჩევნები უკვე ჩავლილია. ამ დროისთვის შედარებით კარგი მდგომარეობაა და თუ ევროპისაკენ სწრაფი ნაბიჯები გადაიდგმება, ეს განმუხტავს მდგომარეობას და ხელს შეუწყობს განვითარებას. იმედს ვიტოვებ, ასეც იქნება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ აქციები კვლავ გრძელდება, ფაქტია, დაძაბულობა მინელდა. საინტერესოა როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში რა პერსპექტივა ესახება საქართველოს ეკონომიკას, რა იქნება მთავარი საყურადღებო მომენტები. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ რისკები უკვე ნაკლებადაა, თუმცა კვლავ გამოწვევაა უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები. უკვე 2 წელია პროცესი შედფერხებულია და თუ ალტერნატიული გზები, რომლებზეც არაერთხელ თქმულა, რეალობად იქცევა, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

,,ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებით ნორმალური მდგომარეობაა. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საქართველოს მშპ-ს პროგნოზი 7%-მდე გაზარდეს. არჩევნებმაც გადაიარა, პოლიტიკური ფონიც არ გაუარესებულა და ვფიქრობ, ეკონომიკა ზრდას გააგრძელებს. ჯერჯერობით არანაირი შემაფერხებელი ფაქტორი არ არსებობს იმისათვის, რომ რაიმე პრობლემები შეექმნას. 

ფაქტია, ჯანსაღი მაკროეკონომიკური გარემო გვაქვს, მატებაშია საგარეო ვაჭრობა, განსაკუთრებით ექსპორტის მიმართულება. ფულადი გადმორიცხვების კუთხით დადებითი ტენდენციაა და ერთადერთ გამოწვევად კვლავ ინვესტიციები რჩება, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია მცირდება. სხვა მხრივ ეკონომიკა და მისი პარამეტრები ჯანსაღია და ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, პროგნოზი გამიჭირდება, თუმცა აქაც უნდა დავეყრდოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ქვეყანაში კვლავ იქნება სტაბილური ეკონომიკური ვითარება. ვფიქრობ, თუკი შენარჩუნდება მსგავსი ხელშემწყობი გარემო, ეკონომიკა წინსვლას გააგრძელებს და ამ მიმართულებით ჯერჯერობით საფრთხე არ ჩანს", - აღნიშნა კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მან აქვე ყურადღება გაამახვილა ინვესტიციებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ხაზი გაუსვა, რომ უცლიებელია ამ მხრივ ქვეყანამ ალტერნატიული გზები გამონახოს. საჭიროა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ქვეყანაში ახალი ინვესტორები შემოვიდნენ.

,,რაც შეეხება ინვესტიციებს, ეს გამოწვევაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და სამწუხაროდ, გვაქვს შემცირების ტენდენციაც. ბუნებრივია, ამას გარკვეულწილად პრობლემას უქმნის პოლიტიკური დაძაბულება, რომელიც ქვეყანაში ჯერ მაინც არსებობს და მეორე მხრივ, საგარეო მიმართულებით არსებული გაურკვევლობები. ვფიქრობ აქ დიდი როლი უნდა შეასრულოს დაპირებულმა არაბულმა ინვესტიციებმა, რომელზეც არაერთხელ გვისმენია. თუ  მათი შემოდინება დაიწყო, უნდა ველოდოთ, რომ ეს მიმართულება გამოსწორდება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×