
დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე დაწესებულ სანქციებს ადგილობრივი კომერციული ბანკებიც შეუერთდნენ. როგორც ერთ-ერთი სანქცირებული ბიზნესმენის ლევან ვასაძის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, ქართულმა ბანკებმა ანგარიშები დაუბლოკეს. სპეციალისტები მათ გადაწყვეტილებას ლოგიკურ ქმედებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი ქართული ქართული ბანკების გლობალურ ბირჟებზე საქმიანობას სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის ინსტრუქციით მოქმედებენ.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბანკები დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციას საკუთარი რეპუტაციის დაცვის თვალსაზრისით დაემორჩილნენ, ვინაიდან მოსალოდნელია, მათი საქმიანობა ქვეყნის გარეთ გარკვეულ საფრთხეში აღმოჩნდეს, თუკი სანქციებს არ შეუერთდებიან.
ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ერთია კანონმდებლობა და მეორე საერთაშორისო სანქციები ფინანსურ სექტორში, რასაც საქართველო უერთდება. იმ შემთხვევაშიც კი, სანქციები რომ დაეწესებინათ სხვა ევროპულ ქვეყნებს, მაგალითისთვის, როგორიცაა ჩეხეთი, ფინეთი და შვედეთი, ქართულ კომერციულ ბანკებს ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება მოუწევდათ, თუკი ეს სახელმწიფოები საერთაშორისო სანქციებს უერთდებიან.
,,კომერციული ბანკები მოქმედებენ იმ ინსტრუქციით, რასაც ეროვნული ბანკი ადგენს, რადგან იგი მთავარი ზედამხედველი და მარეგულირებელია. თუმცა, აქ არის ერთი მომენტი, როდესაც საერთაშორისო სანქციებზეა საუბარი, მაშინ გარკვეულწილად შეიძლება მკაცრი ქმედებები განახორციელონ. კანონმდებლობა, რითაც საბანკო სისტემა რეგულირდება, ერთის მხრივ მოქცეულია ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოში, ვგულისხმობ ეროვნული ბანკის დადგენილებებს, მეორე მხრივ არის გარკვეული ვალდებულება საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისგან.
გვახსოვს, როცა "ვითიბი ბანკი" დაიხურა, სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ საერთაშორისო სანქციები შეეხო, ეროვნულმა ბანკმა შეუჩერა მას ეს ოპერაციები. ანალოგიურია ახლაც ამ კონკრეტულ შემნთხვევაში. ერთია კანონმდებლობა და მეორე საერთაშორისო სანქციები ფინანსურ სექტორში, რასაც საქართველო უერთდება.
სამწუხაროდ, ამ სანქციების პრევენცია შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს თავად დასანქცირებულის მხრიდან გადაწყვეტილების გასაჩივრება. ბანკებს სხვა არჩევანი არ ჰქონდათ. როცა შეერთებული ხარ საერთაშორისო სანქციებს და უარს იტყვი მერე ზომების გატარებაზე, შეიძლება არათუ ერთი პირის დასანქცირებაზე შეიქმნას პრობლემა, არამედ მთლიანად საბანკო სექტორს შეეხოს.
ალბათ, ბრიტანეთის მაგალითს მერე სხვებიც მიმართავენ, არ აქვს მნიშვნელობა ჩეხეთი იქნება თუ სხვა. მთავარია, ქვეყანა საერთაშორისო სანქციების მონაწილე არის თუ არა. დიდი ბრიტანეთი მონაწილეა და ამიტომ არის მნიშვნელოვანი მისი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, კომერციული ბანკები, ,,თიბისი“ და ,,საქართველოს ბანმკი“, სწორად მოიქცნენ, ლონდონის საფონდო ბირჟის წევრები არიან და საერთაშორისო სანქციების მიმართ იგნორირებამ შეიძლება მათი აქციების დაცემა და გაკოტრება გამოიწვიოს. ბანკები იღებენ გადაწყვეტილებას და მოქმედებენ შიდა ინსტრუქციებით, საერთაშორისო პარტნიორებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. ისინი იღებენ და ამით აზღვევენ რისკებს. მათი ქმედება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ თითქოს თავიანთი კლიენტიოს ინტერესს არ ითვალისწინებენ“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანასს" გიორგი ცუცქირიძემ.
დასანქცირებულებისთვის ვითარება საკმაოდ რთულია. ქართული ბანკების გადაწყვეტილებას ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით აფასებს ცნობილი ფინანსისტი თემურ ბასილია. იგი ადასტურებს, რომ შესაძლოა, ხელი შეეშალოს ქართული ბანკების საქმიანობას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, თუკი ისინი გადაწყვეტილებას გვერდს აუვლიან.
,,ბანკებს სხვადასხვა მიზეზით შეუძლიათ კლიენტების ანგარიშების დახურვა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროგაერთიანების ქვეყნებში. ეს შეიძლება იყოს როგორც კლიენტის პოლიტიკური აქტივობა ან საეჭვო ტრანზაქციები. ან ბანკი თუკი ჩათვლის, რომ ასეთი კლიენტის ყოლა საფრთხეს უქმნის მის რეპუტაციას. რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოში საბანკო სისტემა მოქმედებს ეროვნული კანონმდებლობით და სებ-ის რეგულაციებით, თუმცა დიდი ბრიტანეთის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ამ ბანკების საქმიანობას დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ეს არის ის მიზეზი რამაც იმოქმედა ქართული ბანკების გადაწყვეტილებაზე კონკრეტული პირებისთვის ანგარიშების დახურვის თაობაზე.
ერთადერთი რაც სანქცირებულებს შეუძლიათ გააკეთონ, გახლავთ ის, რომ გადაიტანონ ანგარიშები ისეთ ბანკებში, რომლებსაც დიდ ბრიტანეთში არა აქვთ (ან ნაკლებად აქვთ) საქმიანი აქტივობები“, - განაცხადა თემურ ბასილიამ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
რაც შეეხება სანქცირებულ პირებს, ცნობილია, რომ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს - მიზეზებში დასახელებულია მათი მხარდაჭერა რუსეთისთვის უკრაინის ომში და მონაწილეობა დეზინფორმაციული ნარატივების გავრცელებაში.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები წესდება საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე.
დასანქცირებას მალევე მოჰყვა ბიზნესმენის წერილი, სადაც ლევან ვასაძემ აღნიშნა, რომ "თიბისი" და "საქართველოს ბანკმა" მისი და მისი ოჯახების ანგარიშები დაბლოკა.
,,ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა ქართულმა ბანკმა „თიბისიმ“ დაბლოკა ჩემი, ჩემი მეუღლის (რვა შვილის დედის) ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. იგივე ბედი ეწია ჩემი სრულწლოვანი შვილების, ჩემი დის, ჩემი 78 წლის დაქვრივებული დედის ანგარიშებს და ასევე ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.
მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა - „საქართველოს ბანკმა“ - მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, „თიბისისთან“ ერთად, „საქართველოს ბანკმაც“ საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს - მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.
ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება“, - აღნიშნულია ვასაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრინციპზე დაყრდნობით, 2023 წლიდან შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.