რეზონანსი
07.10.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი რეგიონებში ვიზიტს აგრძელებს. სულ ახლახან შეხვედრა გაიმართა რაჭაში, სადაც მინისტრი უშუალოდ ადგილზე გაეცნო ვითარებას, რეგიონის საჭიროებებს. დავით სონღულაშვილი ეწვია სხვადასხვა დარგის მეწარმეებს, რომელთა საქმიანობა რაჭის ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. 

მინისტრის შეფასებით, შედგა პირდაპირი კომუნიკაცია, რაც საუკეთესო საშუალებაა იმის გასაგებად, რა საჭიროებები აქვს ადგილობრივებს, რაც შემდეგში  საფუძვლად დაედება ახალ პროექტებს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი უნდა მოუტანოს ქვეყანას და გაზარდოს მოსახლეობის კეთილდღეობა.

„რაჭაში რეგიონული სამსახურები მოვინახულეთ, ფართოვდება დაცული ტერიტორიების არეალი და კიდევ მეტი შესაძლებლობა ჩნდება. ადგილზე გავეცანით სამუშაო პროცესს, შევხვდით მეწარმეებს, თითოეული პროგრამა, რომელიც სამინისტროს ფარგლებშია, მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. 

რაჭა ემზადება რთველის დასაწყებად. ვნახეთ სამზადისი, გავეცანით მევენახეების საჭიროებებს. მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ, რაჭის აგრარული პოტენციალის მეტად გამოყენებაზე, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, რა და როგორ შეგვიძლია თანმიმდევრულად გავაკეთოთ“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრი სამუშაო ფორმატში გაეცნო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს, გეგმებსა და გამოწვევებს. თანამშრომლებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა „ფერმიდან სუფრამდე“ ერთიან ჯაჭვში იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებიც ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ტარდება.

როგორც სეს-ის რეგიონალური სამსახურის უფროსმა  გაბრიელ ჩიკვაიძემ აღნიშნა, რაჭა-ლეჩხუმი ვეტერინარული თვალსაზრისით ერთ-ერთი კეთილსაიმედო რეგიონია.

,,სურსათის ეროვნული სააგენტოს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამსახური  რეგიონში შემავალ ოთხ მუნიციპალიტეტს ემსახურება.  სისტემატურად ტარდება მონიტორინგი, რათა დავიცვათ მომხმარებლის უფლებები და ბაზარი იყოს კეთილსაიმედო პროდუქტებით უზრუნველყოფილი. რეგიონში მუშაობს თანამედროვე სტანდარტების ცხოველთა სასაკლაო და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხორცისა და ხორცპროდუქტების შემოწმებას.

ამასთან, მნიშვნელოვანია მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომლებსაც სააგენტო რეგიონში ატარებს“, - აღნიშნა გაბრიელ ჩიკვაიძემ.

გარდა ამისა, მინისტრი გაეცნო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას, დაცული ტერიტორიების დროებით ადმინისტრაციულ შენობაში რეინჯერებს შეხვდა და რაჭის ეროვნული პარკისთვის შეძენილი ტექნიკაც დაათვალიერა. 

„მინდა აღვნიშნო, რომ დაცული ტერიტორიები გაფართოებით, რაჭისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და ეს აძლევს შესაძლებლობას რაჭას რომ ჰქონდეს მიზიდულობის დამატებითი ცენტრი და შესაბამისად, ტურიზმის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმაც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როგორიცაა რაჭის დაცული ტერიტორიების საზღვრის დაზუსტება.

,,გვქონდა შეხვედრა ონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ვიწყებთ  მნიშვნელოვან პროცესს,  რაჭის დაცული ტერიტორიების საზღვრის დაზუსტებას. დაცული ტერიტორიების შექმნა, პირველ რიგში, ბუნების დაცვას ემსახურება, მაგრამ მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები, რაც დღეს არსებობს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

რაც შეეხება ადგილობრივ ბიზნესს, დავით სონღულაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იწაში, შპს „იწის მარანში“ იმყოფებოდა, სადაც რთველის მზადების პროცესს ადგილზე გაეცნო.

„მოსავლის დაბინავება იწყება ქვეყნის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს მეღვინეობის რეგიონში – რაჭაში. წელს რეგიონში 1500-2000 ტონამდე მოსავალს ველოდებით. რთველი ორგანიზებულად და წარმატებით ჩატარდება, ამისთვის მაქსიმალურად მობილიზებულია ჩვენი რესურსები. ყველა მევენახე შეძლებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას. წელს რეგიონს კიდევ ერთი ადგილწარმოშობის ღვინო - „რაჭა“ დაემატა, ეს ხაზს უსვამს ამ მხარის უნიკალურობას და მის წვლილს ქვეყნის მეღვინეობაში, რომლის ხელშეწყობა ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა კოოპერატივი "რაჭის ნატურალური პროდუქტებიც“ დაათვალიერა. საწარმო სოფლის განვითარების სააგენტოს  ბენეფიციარია. საქმიანობის განვითარების მიზნით კოოპერატივმა რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. თაფლის საწარმოს წლიურად 200 ტონა თაფლის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს. 

ერთ-ერთი პრიორიტეტული დარგი, რაზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ტურიზმია. ამ მხრივ აღსანიშნავია მისი სტუმრობა სასტუმრო „ასკრიონში“, რომელიც  2023 წელს, „მაღალმთიან დასახლებაში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის“ თანადაფინანსებით შეიქმნა. აქ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 100 000 ლარია. 

პარალელურად რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანმა და სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში სარკოფაგის კონსერვაციის სამუშაოები დაათვალიერეს, რაც მოიცავს ცანა 3-ის ტერიტორიიდან 50 500 კბ/მ მოცულობის სარკოფაგში დარიშხანის შემცველი ნარჩენების განთავსებას.

2026 წელს, ლენტეხის მუნიციპალიტეტი სრულად გასუფთავდება ცანა 1 და ცანა 2-ის ტერიტორიაზე არსებული დარიშხანის შემცველი ნარჩენებისგან. „აღნიშნული პროექტით გადაწყდება რეგიონის ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ტურიზმის განვითარებას, ასევე, ეკონომიკურ აქტივობას“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×