რეზონანსი
05.10.2025

დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ ადამიანს [პაატა ბურჭულაძეს] არანაირი გამოცდილება, კომპეტენცია და იდეა არ აქვს, - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ბექა ხალიბეგაშვილმა.

„ეს პოლიტიკური ელიტა, არ აქვს მნიშვნელობა „ქართულ ოცნებას" დაირქმევს თუ ოპოზიციას, მაქსიმალურად ცდილობს საზოგადოების ემოციებით ითამაშოს. ამ ადამიანებსაც, რომლებიც ვითომ ორგანიზატორებად მოგვევლინნენ ზუსტად იმის იმედი ჰქონდათ, რომ დღეს ის დიდი მასა, რომელიც ემოციურ ფონზე იქნებოდა გამოსული და ყველა შეეცდებოდა იმას, რომ რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო ის პროცესი, რომელმაც რეალურად ყველა დაგვღალა ამ ქვეყანაში. არავის უნდა, რომ ქართველი ქართველის წინააღმდეგ მიდიოდეს.

ყველა იმ ადამიანმა, ვინც თავს ორგანიზატორს უწოდებდა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რაც დღეს აქ ხდებოდა, რომლებიც დღეს აქ არ არიან და საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს სად არიან. მე ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც სცენაზე იდგნენ, კონკრეტულად პაატა ბურჭულაძე, რომელმაც მოუწოდა საზოგადოებას და 6 პირი გამოაცხადა, რომელიც უნდა დაეჭირათ. რა მიზეზითაა ახლა კლინიკაში გადაყვანილი? სადმე იბრძოდა? დაზიანდა? ვინმემ დაარტყა? რა მიზეზით არის კლინიკაში გადაყვანილი, რომ ვიცოდეთ. თუ რამე გეგმა დადო და მისმა კლინიკაში გადაყვანამ რამე გეგმის ჩაშლა გამოიწვია?!“, - აღნიშნა ხალიბეგაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა საზოგადოებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებსაც.

„ორპოლუსიანობა ხომ არაა და ორმაგი სტანდარტი ხომ არ არის, რომ ერთი მხრივ ვაპროტესტებდეთ იმას, რომ გვყავს ფეხბურთელი მერი, პრეზიდენტი, სპორტსმენი პარლამენტარები და მეორე მხრივ აქეთ გამოკიდებული იყოს მთელი ოპოზიციური სპექტრი ვიღაც მომღერლებზე, მევახშეებზე და უპრინციპო, უიდეო, ყველანაირად უგეგმო ადამიანებზე“,- განაცხადა ხალიბეგაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს 4 ოქტომბერს პროტესტზე მყოფმა ხალხმა თუ რაიმე გამარჯვება მოიპოვა არის ის, რომ ნათლად დაინახა ყველამ, რომ რეალურად ქვეყანაში ოპოზიციური სპექტრი არ არსებობს.

მანვე მოუწოდა ოპოზიციურ ტელევიზიებს, ეთერები დაუთმონ კომპეტენტურ პირებს და არა მომღერლებს ან მსახიობებს.

„ვიღაც ცნობადი სახეები, იმის გამო, რომ იმღერეს, იცეკვეს, ფილმებში მონაწილეობა მიიღეს ასხდებიან პროცესს, საზოგადოებას. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გეკისრებათ ტელევიზიებს, რომ იცოდეთ რა საკითხთან დაკავშირებით ვინ უნდა მოიყვანოთ ტელევიზიაში და კომენტარი ვის უნდა გააკეთებინოთ. არ შეიძლება პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით მომღერლები მიგყავდეთ და მთელს ეთერებს უთმობდეთ. როგორ მოხდა მომღერალი პოლიტიკური პროცესების სათავეში?! ტელევიზიების მეშვეობით, თქვენ აძლევდით სივრცეს, საიდანაც შეეძლო საჯაროდ საზოგადოებასთან ელაპარაკა. დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამ ადამიანს [პაატა ბურჭულაძეს] არანაირი გამოცდილება, კომპეტენცია და იდეა არ აქვს“,- აღნიშნა ბექა ხალიბეგაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×