რეზონანსი
04.10.2025

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის ქუჩებში ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ლევან იოსელიანის განცხადებაში ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების სტანდარტის დაცულობის მნიშვნელობა, ამავდროულად ომბუდსმენი აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, არ მოუწოდონ მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებისკენ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით, მედიის წარმომადგენლებს კი შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება.

„საქართველოს სახალხო დამცველს არაერთხელ განუმარტავს, რომ მშვიდობიანი შეკრება საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებით არის დაცული. დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების დროს მოწოდება - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ ან ძალადობით შეცვლისაკენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილეები პროტესტის გამოხატვისას არ გასცდნენ კანონით დაცულ ფარგლებს. ამასთანავე, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება აქციის ორგანიზატორებს, რომლებსაც ევალებათ მშვიდობიანად წარმართონ შეკრება და არ მოუწოდონ მონაწილეებს კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივი ქმედებებისკენ; ხოლო, ძალის გამოყენების შემთხვევაში, პოლიცია უნდა მოქმედებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი ტესტის დაცვით.

აგრეთვე, თბილისის სხვადასხვა ადგილას მიმდინარე შეკრებების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებს არ შეეზღუდოთ კონსტიტუციით დაცული უფლებით სარგებლობა და მათ მიმართ არ იყოს გამოყენებული საპოლიციო ძალა.

ამავე დროს, მედიის წარმომადგენლებმა შეუფერხებლად უნდა შეძლონ თავისი საქმიანობის განხორციელება. სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დადგენილი“, - აღნიშნულია განცხადებაში. .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×