
როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ იმედი, რომ იმაზე მეტი ადამიანი მივიდოდა დღეს, ვიდრე რეალურად მივიდა. როდესაც დაინახეს, რომ უკვე 8 საათი ხდებოდა და თავისუფლების მოედანი სანახევროდაც არ იყო შევსებული, მათ გადაწყვიტეს ეჩქარათ და იმთავითვე გადავიდნენ ძალადობრივ ქმედებებზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, ძალადობის ნებისმიერ მცდელობაზე სახელმწიფოს პასუხი იქნება უმკაცრესი, ხოლო, ათონელის ქუჩაზე მომხდარ ძალადობაში ჩართული თითოეული პირი მიეცემა პასუხისგებაში.
"მათ ჰქონდათ დაანონსებული კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამისათვის კონკრეტული ზომებიც მიიღეს. ჩვენ გავაფრთხილეთ ეს ადამიანები, რომ მივიღებდით უმკაცრეს ზომებს და ეს მკაცრი ზომები იქნება მიღებული ქუჩაში დღეს - რა თქმა უნდა, აღიკვეთება ძალადობის ნებისმიერი მცდელობა და მკაცრი ზომები იქნება მიღებული მომდევნო დღეების განმავლობაშიც. რაც ჩვენ ვიხილეთ ათონელის ქუჩაზე, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და თითოეული ადამიანი, რომელიც იყო ჩართული ამ ძალადობრივ აქტში, მიეცემა პასუხისგებაში. ეს იყო ძალიან ცხადი და ღია დანაშაული. ყველა მიმართულებით გვაქვს მკაცრი გაფრთხილება - ერთი, რომ ქუჩაში მიიღებენ პასუხს ნებისმიერ ძალადობაზე და ამის შემდეგაც კანონი იქნება მკაცრი მათ მიმართ. მე ვივარაუდე, რომ 30-ზე ბევრად მეტი უსინდისო მოძალადის დაჭერა მოგვიწევდა ამ ძალადობის ფონზე და ხედავთ, რომ რეალურად აქეთ წაიყვანეს პროცესები - დანარჩენი, დაელოდონ პასუხს. პასუხი იქნება მკაცრი." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.