
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში მორიგი ბრიფინგი გამართა.
"მოხარული ვართ, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ ვითარებაში. ყველა ამომრჩეველს აქვს საკუთარი არჩევანის თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა ამომრჩეველთა აქტიურობის შუალედური მონაცემები, 12:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილოება უკვე მიიღო 600 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა. საინტერესოა, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება როგორც 2014 წლის, ისე 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობის მაჩვენებელს.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად "ქართული ოცნება" როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩვენებს მყარად იგებს ყველა მუნიციპალიტეტში, თუმცა, ეს არ უნდა იყოს ამომრჩევლის მოდუნების საფუძველი, შესაბამისად, მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ. თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური, განვითარება და მეტი სიკეთე შევიდეს თითოეულ მუნიციპალიტეტში, ქალაქსა თუ სოფელში,"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.