
თბილისში წუხელ სამი ადამიანი გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა. როგორც ცნობილია, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
„დაახლოებით ღამის სამის ნახევარზე, გავიგე ძლიერი დაცემის ხმა. მალევე ეზო გაივსო პოლიციის მანქანებით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავშვი ნახეს ეზოში გარდაცვლილი. მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა. როგორც თქვეს, მაღალსართულიანი კორპუსის, ზედა სართულზე ცხოვრობდნენ" - თქვა ადგილობრივმა ambebi.ge-სთან.
ცნობილია, რომ გარდაცვლილები ქართველები არ არიან. მათ ბინა „არქის" კორპუსის მე-20 სართულზე ნაქირავები ჰქონდათ.
„02:30 საათზე მოხდა, ჯერ ბავშვი გადმოვარდა, მერე დედა და ბოლოს მამაკაცი. საშინელი ხმა იყო. დაახლოებით 17-18 წლის ბიჭი იქნებოდა. ქირით იყვნენ, ეს იმდენად მასშტაბური კომპლექსია, თითქმის ყველა ბინა გაქირავებულია, ბინიდან ჯერ პარკი გადმოვარდა, ტანსაცმელები იდო, წამებში ბავშვი გადმოჰყვა, მერე დედა და რაღაც უმნიშვნელო ინტერვალში მამაკაცი" - უყვება ambebi.ge-ს ადგილობრივი.
ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.