რეზონანსი
04.10.2025

ოცი კაცი ორ კაცს ურტყამდა და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა ნარმანიამ, რომ 20:2-ზე იყვნენ და თავში არ მოხვედროდა, ეგეც კი ვერ მოახერხა იმიტომ, რომ „ნაცია" - 20 „ნაცი" 2 მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე სპეკულაციების აგება შეიძლება? - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმითვე, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„რაც ფაქტებით დასტურდება, ეს ადამიანები მისულები იყვნენ მეტეხის მიმდებარედ. გამოვიდა ქალბატონი, მესანთლე ეკლესიის მიმდებარედ, სთხოვა გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ შეურაცხყოფით უპასუხეს. ამაზე, ამ ქალბატონს გამოესარჩლა 2 ადამიანი და 20-მა კაცმა ორი ადამიანი სცემა. მოგერიების დროს მას უპასუხეს. 20:2-ზე იყვნენ. რა შუაშია გამართლება? 20 „ნაცი" 2-ს ურტყამდა. თქვენ ცდილობთ გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით 2 ადამიანს თავს დაესხა. ფაქტები ხომ მოგიყევით, რომელიმე ფაქტს უარყოფთ? მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო. ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო „ნაცმა". ამაზე, როდესაც 2 კაცმა რეაგირება მოახდინა და მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას ნუ აყენებდნენ ქალს „ნაცები", ამაზე ორ კაცს 20 კაცი ურტყამდა. ეს არის ფაქტები და თქვენ სამარცხვინოდ მიგყავთ სხვაგან კითხვები.

ოცი კაცი ორ კაცს ურტყამდა და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ 20:2-ზე იყვნენ და თავში არ მოხვედროდა. ეგეც კი ვერ მოახერხა იმიტომ, რომ „ნაცია". 20 „ნაცი" 2 მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე სპეკულაციების აგება შეიძლება? არავითარი რკინის ხელკეტით არ იყო ნაცემი. იყო კონკრეტული ნივთი, რაც ხელში მოხვდა ადამიანს. 20 კაცი ორ კაცს ურტყამდა. რაც ხელში მოხვდა იმით დაიცვა თავი. ეს არის რეალობა. მანქანასთან იპოვა ეს კონკრეტული ნივთი. დანარჩენს გამოძიება დაგიდგენთ. 20 „ნაცი" რომ ორ კაცს ურტყამდა, ამაზე რატომ არ გაქვთ რეაქცია? ყველაფერი იქნება გამოძიებული. ყველაფერს დაადგენს გამოძიება ფაქტებით და მტკიცებულებებით, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ მოძალადე. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი მეორე მხარეს, ეს დადგინდება მტკიცებულებებით. მათ შორის, ვიდეოა გადაღებული, რომელიც ამას ასახავს. მე მაქვს ნანახი ვიდეო. რაც აქვს ამ ეტაპზე დადგენილი გამოძიებას, იმას გეუბნებით. ვიდეო მაქვს ჩემი თვალით ნანახი, სადაც თანაფარდობა იყო ზუსტად ისეთი, რაც გითხარით. ამაზე რატომ არ წუხხართ, რომ ოცი „ნაცი" ორ კაცს ურტყამდა? თან ერთ-ერთი ქალბატონიც ახლდა ერთ-ერთ მათგანს, ვისაც თავს ესხმოდნენ", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×