
გასული წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს კარგი სვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ, - განაცხადა მედიასთან საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან, ფრანსუა-ქსავია ჟიკელიმ, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აკვირდება.
„ჩვენ საფრანგეთიდან ვართ. ჩვენი მიზანია, დავაკვირდეთ პროცესების მიმდინარეობას. გასული წლის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ეს კარგი სვლა იყო მთავრობის მხრიდან, რომ არჩევნები ამ გზით ჩაატარონ - ამერიკული ხმის მიცემის აპარატის მეშვეობით. იმედი მაქვს, რომ საქართველო მშვიდ გარემოში ჩაატარებს არჩევნებს“, - განაცხადა ფრანსუა-ქსავია ჟიკელიმ.
საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები, ასევე პროცესს გააშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
ცესკოს მონაცემებით, რეგისტრირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არიან როგორც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 21 ქვეყნიდან. მათ შორის ბულგარეთიდან, ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან, მონტენეგროდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან.
დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი - 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.