რეზონანსი
03.10.2025

ხვალ მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით ხდება და სწორედ ერთ-ერთი ასეთი სუსტი წერტილია თბილისი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” უკვე წააგო და ხვალაც წააგებს, თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე.

ხაზარაძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, რომ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

“12 საათში ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ ერთადერთი სწორი არჩევანი და უარი ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ამჯერად ადგილობრივ არჩევნებში. ბრძოლის ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ, როგორ საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელმა პროდასავლურმა პარტიამ ავირჩიეთ, არის მშვიდობიანი გზა “ქართული ოცნების” დასამარცხებლად. მივიღეთ გამოწვევა და შევედით ბრძოლის უმძიმეს ველზე, რომ არ დავტოვოთ საქართველოს მოქალაქეები მარტო მოღალატე, ძალადობრივი რეჟიმის პირისპირ კიდევ რამდენიმე წელი.

ამ ნაბიჯით “ძლიერი საქართველო - ლელო” ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას და ქვეყნისთვის ისტორიულ, გარდამტეხ მომენტში ვდგებით ხალხთან ერთად და ერთიანი ძალებით შევდივართ ამ უსამართლო და უთანასწორო ბრძოლაში. ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოებრივი პოზიციით და ყველა კონსტიტუციური გზით ვიბრძვით ხელისუფლებიდან “ქართული ოცნების” რეჟიმის ჩამოსაშორებლად. ეს არის ბრძოლა თითოეული ქალაქისთვის და სოფლისთვის, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის და სოციალურ კეთილდღეობისთვის.

გამარჯვების მისაღწევად ყველა თქვენგანის ჩართულობა და მონაწილეობა არჩევნებში უმნიშვნელოვანესია. ეს ის გარდამტეხი მომენტია, როდესაც ერთმა ხმამ შესაძლოა გადაწყვიტონ ჩვენი ქალაქის ბედი და ჩვენი ქვეყნის მომავალი, ამიტომ კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით და პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ ამ გამოწვევას და 4 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვუთხრათ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს - არა!

ხვალ მნიშვნელოვანი დღეა - ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვაგრძელებთ ბრძოლას ახალი საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად. ხვალინდელი არჩევანით ქართველმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომლითაც ის რუსულ რეჟიმს საბოლოოდ დაამარცხებს.

რეჟიმის ჩამოშლა მის სუსტ წერტილებზე ძლიერი დარტყმით ხდება. სწორედ ასეთი სუსტი წერტილია თბილისი, რომელიც “ოცნებამ” უკვე წააგო და წააგებს ხვალაც, თუ ბევრი ოპოზიციური ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე. თბილისის წაგება კი გახდება ის წერტილი, საიდანაც რეჟიმის ჩამოშლის შეუქცევადი პროცესი დაიწყება.

თბილისმა ამ კამპანიის დროს დაინახა, რომ მას აქვს არჩევანი. ეს არჩევანი ირაკლი კუპრაძეა, ახალი თაობისა და ახალი ფორმაციის პოლიტიკოსი, რომლის არჩევითაც ჩვენ დავასრულებთ თბილისის კორუფციულ მმართველობას, რითაც ოპოზიციური დედაქალაქი დააჩქარებს რეჟიმის დასასრულს.

ჩვენ ამ გზის გვჯერა, ამ გზით ვიბრძვით. შემოგვიერთდით, ერთად უნდა დავიბრუნოთ თბილისი, ერთად უნდა დავიბრუნოთ საქართველო, არასდროს დანებდეთ, მოდით ხვალ არჩევნებზე!” - მიმართა ხაზარაძემ მოქალაქეებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×