რეზონანსი
03.10.2025

ვხედავთ, რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ემოციურად დაზიანებული, სასოწარკვეთილი ადამიანების ჯგუფია, რომელიც შესაძლოა, ყველაფერზე წამსვლელი იყოს. როგორც ჩანს, ორი გენერალი, რომლებიც, თუ არ ვცდები, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებიც იყვნენ, კარგად იცნობენ სასოწარკვეთილებას, რომელიც ამ ჯგუფს აქვს. როგორც ჩანს, ისინი უშვებენ, რომ, არსებობს რისკი, რაღაც ასეთი განახორციელონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებაზე, სადაც ამბობენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობას.

„ვერ გეტყვით, რა ინფორმაცია აქვთ, მაგრამ რასაც თავადაც საჯაროდ აანონსებენ, ძალადობას აპირებენ. სამწუხაროა, რომ ამ ძალადობას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა. მისი განცხადება 23 სექტემბერს იყო, უკვე ათი დღე გავიდა და მისი მხრიდან დღემდე არ მოგვისმენია სხვა რაიმე განმარტება. ეს ნიშნავს, რომ მხარდაჭერა ჯერ კიდევ ძალაშია. ძალადობის რამდენი შემთხვევაც მოხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკომისიას, მისი პრესსპიკერის სახით. რაც შეეხება ძალადობის მოსალოდნელ რისკებს, მიზეზი ერთადერთია – ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ მიზნად ისახავენ არჩევნების საბოტაჟს. მათ საბოტაჟის მცდელობა ჩაეშალათ, რადგან არჩევნებში მონაწილეობას იღებს 12 პარტია, საარჩევნო პროცესი გამართული და გამჭვირვალე იყო, საარჩევნო კამპანიის წარმოების ყველა შესაძლებლობა არსებობდა. საბოტაჟი ჩაიშალა და ახლა ერთადერთი ვარიანტი დარჩათ, ხვალ კენჭისყრის პროცესის ჩაშლა და საარჩევნო უფლების განხორციელების ხელშეშლა სცადონ. ხედავენ, რომ ამასაც ვერ ახერხებენ, რადგან ხვალ ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მივა. მათთვის ერთადერთი გამოსავალი ცრუ ისტერიის მოწყობაა, რაშიც ყველაზე დიდი ხიფათია, რადგან ვხედავთ, რა ჯგუფთან გვაქვს საქმე. ეს არის ემოციურად დაზიანებული, სასოწარკვეთილი ადამიანების ჯგუფი, რომელიც შესაძლოა, ყველაფერზე წამსვლელი იყოს. როგორც ჩანს, ორი გენერალი, რომლებიც, თუ არ ვცდები, „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრებიც იყვნენ, იმ სასოწარკვეთილებას და ემოციურ დაზიანებას კარგად იცნობენ, რომელიც ამ ჯგუფს აქვს. როგორც ჩანს, ისინი უშვებენ, რომ, არსებობს რისკი, რაღაც ასეთი განახორციელონ. სახელმწიფო სრულად მობილიზებულია და არავის მისცემს შესაძლებლობას, მათ შორის საკუთარი თავი დაიზიანოს და ამით რაღაც ისტერიები შექმნას. ეს კარგი პროცესიც არის, ჩვენ ასეთი შესაძლებლობა სხვა დროს არ გვქონია – ხვალ ის მომენტია, როცა რამდენიმე რადიკალური პარტია, რამდენიმე „ენჯეო“ და დაჯგუფებები ყველა კრიტერიუმით ოფიციალურად გაფორმდებიან, როგორც რადიკალი-ექსტრემისტი დაჯგუფებები საკუთარი თავის ამგვარი მხილებით. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც მთლიანად ამ პროცესმა უზრუნველყო, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების მოთმინებით. ხვალინდელი დღე, როგორც ლაკმუსის ქაღალდი, ზუსტად აჩვენებს და მონიშნავს რადიკალურ პარტიებს, რადიკალურ „ენჯეოებს“ და რადიკალურ ჯგუფებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×