რეზონანსი
03.10.2025

ჩვენ აქციაზე არ ვიქნებით წარმოდგენილი, ჩვენთვის 4 ოქტომბერი არის არჩევნების დღე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენ ჩვენი ხმები დავიცვათ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოწოდებები მშვიდობიანი დამხობის, ხელისუფლების გადაბარების შესახებ არის არასერიოზული და გარკვეული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო.

„ასეთ მოწოდებები უპირველესად არის მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია. ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პოლიტიკოსებს შორის ლიდერებს, რომლებიც საკუთარ თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას. მინდა, მოვუწოდო მათ, 4 ოქტომბერს თუ ვერ დაამთავრებენ ყველაფერს, თუ მაგრები არიან, გამობრძანდნენ და პასუხისმგებლობა თავიანთ თავზე აიღონ. თქვან, რომ მათ, ერთი მხრივ, შეცდომაში შეიყვანეს ადამიანები და, მეორე მხრივ, მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაცია მოახდინეს, დანერგეს საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი და მორიგი იმედგაცრუება. ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა ეკისრებათ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებიც ამ განცხადებებით გამოდიან", - აღნიშნა შარაშიძემ.

შარაშაძის თქმით, ქვეყანას არ სჭირდება რადიკალიზაცია და სამოქალაქო დაპირისპირება.

„ამაზე საუბარი და მოსალოდნელი არეულობით ადამიანების დაშინება თუ ვინმეს აწყობს, არის „ქართული ოცნება". „ოცნებამ" კარგად იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობას უნდა მშვიდობა ამ ქვეყანაში, ამავე დროს, უნდა სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით. ამ გზის ალტერნატივად ვინმე მხოლოდ ძალადობრივ, რადიკალურ სცენარებს თუ ხედავს, „ოცნების" საქმეს აკეთებს. მთავარი კითხვაა, რის გამო აკეთებენ ამას, არ იციან, ვერ ხვდებიან, თუ სასარგებლო იდიოტების როლში არიან. მე ამ პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. თქვენ იცით, მაგალითად, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი? ანუ „რუსთაველის გამზირის" იმედად არის ამხელა ამბავი?", - განაცხადა შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×