
"ქართული ოცნების" ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, საარჩევნო კამპანიას აჯამებს. მერობის კანდიდიატი ამომრჩეველს მიმართავს და მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს.
"ჩემო ზუგდიდელებო, საარჩევნო კამპანია დავასრულეთ, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში 140-მდე სხვადასხვა სახის შეხვედრა გავმართეთ. ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში შევხვდით 20 ათასამდე მოქალაქეს. თქვენთან გამართულ შეხვედრებზე დასახელებული საჭიროებების მოგვარება იქნება ჩვენი მუშაობის მთავარი პრიორიტეტი, მე მოვდივარ კონკრეტული გეგმით - უკეთესი ზუგდიდისთვის.
ჩვენი ახალგაზრდული გუნდისთვის მთავარი იქნება თქვენთან მუდმივი თანამშრომლობა და არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ერთობლივი მუშაობა.
ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ ზუგდიდს: ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, განათლების ხელშეწყობა, მწვანე სივრცეების შექმნა, სპორტის, კულტურის სფეროების განვითარება, სოციალური და ჯანდაცვის მუნიციპალური პროექტების გაძლიერება, დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მოქალაქეებისთვის სახლების მშენებლობა - ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ ზუგდიდის გავხდით ქალაქს, რომელიც ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ იამაყებს შემოქმედებითი მიღწევებით, მასშტაბური ღონისძიებით და ტურისტული მიზიდულობის ახალი და განახლებული ცენტრებით.
ჩვენ გავზრდით ახალგაზრდების მონაწილეობას მუნიციპალურ პროცესებში, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მოქალაქეების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ნაწილში.
ჩვენი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია ანაკლიის პორტის მიმდინარე პროექტი, რომელიც მოგვცემს მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობას, შემოიტანს მუნიციპალიტეტში დოვლათს, ახალ სამუშაო ადგილებს - რაც ახალი განვითარების გარანტი იქნება.
ზუგდიდს განსაკუთრებული, ისტორიული როლი აქვს - ჩვენ ხიდი ვართ ოკუპირებულ აფხაზეთთან, ეს მუნიციპალიტეტი იქნება ყველასგან განსხვავებული, წარმატებული და განვითარებული. სამთავრობო გუნდის დიდი მხარდაჭერით, ამ გზას ერთად გავივლით!
ჩვენ ვიქნებით გამჭვირვალე, კეთილსინდისიერი, საჭიროებებზე დროული რეაგირების მქონე გუნდი, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი ზუგდიდი და ზუგდიდელები იქნებიან. ამ გზაზე მთავარი ხართ თქვენ და თქვენი მხარდაჭერა მომცემს მანდატს ერთად დაუღალავად ვიშრომოთ ჩვენი ქალაქისთვის!
მჯერა არჩევნებში თქვენი მხარდაჭერის, გპირდებით, თქვენს ნდობას საქმით გავამართლებ.
მშვიდობა საქართველოს მეტი განვითარება ზუგდიდს!“ - ნათქვამია ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის დათო კოდუას მიმართვაში.