
ეს იქნება მეგობრული რჩევა ჩვენი მხრიდან, ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რის გამოც, მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, მათ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებების გარდა, უამრავი ოპერატიული ინფორმაცია აქვთ, რის გამოც, საზოგადოებას აფრთხილებენ, ძალადობრივ ქმედებებში არ ჩაერთონ.
„აქცენტი უნდა გავაკეთოთ საჯარო მოწოდებებზე, საჯარო მოწოდებების თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია, დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ამაზე ღიად საუბრობენ შესაბამისი პარტიების ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც ამ აქციის ორგანიზებაში არიან ჩართული. ეს განცხადებები თავისთავად არაკონსტიტუციურია. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, მრავალი ოპერატიული ინფორმაცია, ერთი რამ შემიძლია გითხრათ ზოგადად, თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს, დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი და ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში, მაგრამ კანონი იმოქმედებს მათ მიმართ ძალიან მკაცრად", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა სავარაუდოდ, „გდდ-დან გამოჟონილ სიებთან" დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, თუ რას ემსახურება მსგავსი ფაქტები. როგორც კობახიძე აცხადებს, „იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნებას ვერავითარი წარმატება ვერ ექნება".
„ეს ყველაფერი აჩვენებს უსუსურობას, რაც რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში სუფევს. მათ რაღაც გეგმა გამოაცხადეს, მიზანი დააანონსეს. კონსტიტუციური წყობილების დამხობის, ან ძალადობით შეცვლის მიზანი აქვთ გაცხადებული, თუმცა, თავადაც ხედავთ, რომ ძალიან ეპარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალობაში. ამიტომ მიმართავენ ამ იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, იაფფასიანი მუქარები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი წარმატება ვერ ექნება. 13 წლის განმავლობაში, მათ ასეთი პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა ჰქონდათ. მათ შორის, გასული 4 წლის განმავლობაში რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა ვიხილეთ, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა, რა თქმა უნდა, 13 წლის თავზეც, მათი რევოლუციური მცდელობა აუცილებლად ჩავარდება ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევაში. გვინდა გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით, უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველამ გასული წლის მოვლენების შემდეგ, აქედან გამომდინარე, ყველას ვურჩევთ, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც ძალადობას გულისხმობს და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას", - განაცხადა კობახიძემ.