
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.44 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (2.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (0.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (4.9 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (2.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
განათლება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.15 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (10.4 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.2 პროცენტი), საშუალო განათლება (3.5 პროცენტი) და უმაღლესი განათლება (0.6 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 4.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა", - აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.