
ჩემი აზრით, სოციალური მედია უკიდურესად უკონტროლოა და ქვეყანაში ჭარბადაა გავრცელებული მომატყუებელი სათაურები, ე.წ. „ქლიქბეითი“, - ამის შესახებ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კეშ პატელმა განაცხადა.
FBI-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების დასაცავად, აუცილებელია, სოციალურ მედიასა და ონლაინ პრალტოფმებზე ზედამხედველობის გაძლიერება, რადგან სწორედ აქ რადიკალიზდებიან მკვლელები. პატელის თქმით, ამ სისტემური პრობლემის მოგვარებაში კონგრესს სთხოვს დახმარებას.
"ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ხაზი გავუსვი ჩემი გასული კვირის ჩვენებისას კონგრესში, იყო ის, რომ თუ გვსურს, დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდობა, მეტად უნდა ჩავერთოთ სოციალურ მედიასა და ონლაინ პლატფორმებზე ზედამხედველობაში, რადგან სწორედ აქ ხდება ამ ადამიანების, მკვლელების რადიკალიზაცია. სწორედ აქ ეძებს სამართალდამცავი სისტემა ზოგადად მათ. ამიტომ, ჩვენ პრობლემას სისტემურად უნდა მივუდგეთ და მოვაგვაროთ, რაშიც კონგრესის დახმარებას ვითხოვ," - განაცხადა კეშ პატელმა.
მან ასევე ისაუბრა ცნობილი კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობაზე და აღნიშნა, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თითოეული დამნაშავის საპოვნელად კი ყველა რესურსს იყენებენ.
"რაც შეეხება ჩარლი კირკს, რომელიც ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, მას შემდეგ, რაც დამეკისრა ეროვნული მასშტაბით ძებნის ხელმძღვანელობა დამნაშავეთა მოსაძებნად, რომლებიც აღნიშნულ საქმეში იყვნენ ჩართული, ბუნებრივია, გამოვიყენეთ ყველა რესურსი, რაც ჩვენს ხელთ იყო, რათა თითოეული დამნაშავე გვეპოვა. გამოძიება კვლავ გრძელდება," - განაცხადა პატელმა.