
"როცა არაოფიციალურ ვახშამზეც აღარ გვეპატიჟებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ხელი ჩაიქნიეს" - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე მიხეილ ყაველაშვილის არმიწვევას გამოეხმაურა.
ხიდაშელი ამბობს, რომ ასეთ მდგომარეობაში დღეს, როგორშიც ყაველაშვილი აშშ-ში აღმოჩნდა, არიან პუტინი და ლუკაშენკო.
ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაიმე ღონისძიება გამართულიყო ნატოს ეგიდით, არათუ ამხელა მოვლენა და იქ საქართველო არ ყოფილიყო - აცხადებს თინა ხიდაშელი.
,,არაოფიციალურ ამბებზეც აღარ გვეპატიჟებიან. თუკი მანამდე ასეთი არაოფიციალური ამბავი, როგორიცაა ვახშამი, კოქტეილი და ა.შ. ითვლებოდა, რომ იყო ე.წ. უკანა კარის შესაძლებლობა. როდესაც ასეთ რამეზეც აღარ გეპატიჟებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ, ხელი ჩაიქნიეს. ასეთ მდგომარეობაში არის პუტინი, ლუკაშენკო, ასეთ მდგომარეობაშია ჩრდილოეთ კორეის ლიდერი. ყველაზე უფრო საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ რაიმე ღონისძიება გამართულიყო ნატოს ეგიდით, არათუ ამხელა მოვლენა და იქ საქართველო არ ყოფილიყო. მათ მოახერხეს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურად გაგვაქრეს, არამედ, სამწუხაროდ, სამხედრო რუკიდანაც გაგვაქრეს"- განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მარკო რუბიოს მიერ გამართულ ტრანსატლანტიკურ ვახშამზე მიხეილ ყაველაშვილი არ მიიწვიეს. თემაზე დღეს განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ყაველაშვილი ტრანსატლანტიკურ ვახშამზე "დიფ სთეითის" ზეგავლენით არ მიიწვიეს.