რეზონანსი
24.09.2025

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა გაერო-ში პირველად წარდგა სიტყვით.

როგორც ალ-შარაამ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აღადგინოს სირიის დიდება, ღირსება და პატივი.

„დღეს თქვენ წინაშე ვაცხადებ, რომ სიმართლის ტრიუმფი სიცრუეზე ზემოთ დადგა და სიცრუე განადგურდა. სირია იბრუნებს თავის კუთვნილ ადგილს მსოფლიო ერებს შორის. განსაკუთრებით მადლობას ვუხდი თურქეთს, კატარს, საუდის არაბეთს, ყველა არაბულ და ისლამურ სახელმწიფოს, ევროკავშირს და აშშ-ს“, – განაცხადა სირიის ლიდერმა.

შარაამ ასევე ისაუბრა ბაშარ ალ-ასადის მმართველობაზეც. მისი თქმით, წინა მთავრობამ ხალხის წინააღმდეგ გამოიყენა წამების ყველაზე საშინელი მეთოდები – ქიმიური იარაღი, დაბომბვა, წამება ციხეებში, იძულებით გადაადგილება და სექტანტური დაპირისპირება, ასევე გამოიყენა ნარკოტიკები ხალხისა და მსოფლიოს წინააღმდეგ.

„ყოფილმა რეჟიმმა დაახლოებით მილიონი უდანაშაულო ადამიანი მოკლა, მილიონობით ადამიანი იძულებით გადააადგილა და ორი მილიონი სახლი დაანგრია. სირიამ ყველაზე კარგად იცის ომისა და განადგურების შედეგები. ამიტომ ჩვენ მტკიცედ ვიდგებით ღაზის ხალხის გვერდით. სირიის ისტორია არ დასრულებულა. ის აგრძელებს ახალი თავის წერას სათაურით: „მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება““, – თქვა სირიის ლიდერმა.

შარაამ ასევე ისაუბრა ისრაელზე. მისი თქმით, ისრაელი აგრძელებს თავდასხმებს სირიაზე.

„ამ აგრესიის წინაშე ჩვენ ერთგულნი ვართ 1974 წლის ძალების გაყვანის შეთანხმების“, – თქვა შარაამ.

შეგახსენებთ, რომ აჰმედ ალ-შარაა სირიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც ბოლო 60 წლის განმავლობაში გაერო-ს სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×